Monday, December 31, 2018

ქვიარ ემიგრანტის წერილი მადამ პრეზიდენტს

Georgian flag in Antwerp Gay pride

მადამ პრეზიდენტო, გილოცავთ ახალ წელს და ქვეყნის მთავარსარდლის ტიტულს!

როგორც ფემინისტს, მეამაყება, რომ ვესალმები ჩემი ქვეყნის ქალ პრეზიდენტს და გამიზნულად გამოვკვეთ თქვენს გენდერულ იდენტობას. გამოვკვეთ, რადგან შეძელით და პატრიარქალურ სისტემაში გახდით ქვეყნის ქალი მთავარსარდალი.

თუმცა, რამდენადაც მეამაყება, იმდენადვე გულნატკენი ვარ. ვაი, რომ სწორედ ამ პატრიარქალურმა სისტემამ ჩაკლა თქვენში მებრძოლი ქალი ჩემო მადამ პრეზიდენტო. ბოლო პერიოდში აქტიურად ვიბრძოდით ფემინისტები ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გასაზრდელად. თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც უნდა ყოფილიყო. თუმცა, ჩვენ - ფემინისტები დავმარცხდით. ბაზარმა ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქალი გააპრეზიდენტა. თუმცა ამ ქალს ბაზრის მშენებელმა კაცებმა სახე წაართვეს და დღეს მოგვცეს შინაარსისგან დაცლილი მხოლოდ ორი მშრალი სიტყვა - "ქალი პრეზიდენტი". არადა რა დიდი მნიშვნელობის მოვლენა უნდა ყოფილიყო თქვენი გაპრეზიდენტება ჩემო მადამ პრეზიდენტო. გისურვებთ თქვენი იდენტობა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენოთ.

Sunday, May 20, 2018

17 მაისი - ქვიარ ეპისტოლე


დღიურების წერა 2012 წლის სექტემბერში დავიწყე. პირველი ჩანაწერი 10 სექტემბრის 04:36 საათით თარიღდება და იწყება სიტყვებით - "მიზნად დავისახე გავცე კითხვას პასუხი - ვინ ვარ "მე"?". თავდაპირველ ჩანაწერებში საკუთარ თავს სტუმულს ვაძლევდი და ვაიძულებდი, რომ არასდროს შემეწყვიტა ბრძოლა ჩემი მიზნის მისაღწევად. მას მერე დიდი დრო გავიდა.

ახლა, როცა ამ სიტყვებს ვწერ, 2018 წლის 17 მაისია, 04:25 საათი და PAG-ის ყველაზე სევდიან სიმღერას - The Lady is Dead ვუსმენ. ეს საყვარელი ბიჭი ყურებში ჩამძახის - I am lost in our rainbow. ამ სიტყვებს რამდენიმე თვის წინ იქაც ჩამძახოდა, ჩემს ქალაქში, გეებით სავსე კლუბში. ერთი საყვარელი, ქერათმიანი ბიჭი თვალებში მიყურებდა და მიღიმოდა. მერე ჩემთან მოვიდა და ღიმილით მკითხა -What's your name? მეც გავუღიმე და ვუთხარი - I am a Black Rainbow. ორივე ვიცინოდით და ჩვენს მეტს ირგვლივ ვერავის ვამჩნევდით. მერე სეირნობა გადავწყვიტეთ და გარეთ გამოვედით. ჩემკენ მოტრიალდა და მხიარული სახით მკითხა - გინდა ჩემნაირ ცუდ ადამიანთან ურთიერთობა? მეც გავუღიმე და ვუთხარი - ცუდი ადამიანები არ არსებობენ. კვლავ გაეღიმა და კითხვა გამიმეორა - ამის მიუხედავად, გინდა ჩემთან ურთიერთობა? დავნებდი და ვუპასუხე - მჭირდები.

Saturday, October 28, 2017

დედებო, მოკალით გეი შვილები

კლუბში ვიყავით. ვცეკვავდით და მერე როგორც იმ სიმღერაშია he kissed me on the dance floor... მერე იმ სიმღერის ტექსტს მიყვა და მითხრა - I'm yours. ვიცინოდით, ისევ ვცეკვავდით... ჩვენს ირგვლივ ყველა ცეკვავდა... გამარჯვების ცეკვა იყო... ისევ იმ სიმღერის ტექსტიდან მითხრა - Why can't you hold me in the street? გამეღიმა და ისევ იმ სიმღერიდან ვუთხარი - We can! გაიღიმა. რა მაგარი ფრაზაა - We can! ქუჩაში გამოვვარდით და შეშლილებივით ვყვიროდით - We can!

თენდებოდა. დილით ადრე უნდა გავიდე მეთქი, ტრენინგზე მეჩქარებათქო. დაიკიდეო, წამოდი ჩემთან, დედას არ სძინავს, ადრე დგება და ჩაის მოამზადებსო... ჩაიმ დამკერა, მაგრამ უფრო დედამისით დამკერა. მეტრომდე ფეხით ჩავედით. გავჩერდით... მოტრიალდა და თვალებში შემომხედა... უცნაური გრძნობა იყო. გაოცებული ვუყურებდი, მაგრამ მომწონდა მისი თვალები. მაკოცა... ტანში ყველაფერმა დაიარა, თუმცა ქართული გამოცდილება ჩაირთო და ირგვლივ დასტრესილმა მიმოვიხედე ვინმე ხომ არ გვხედავსთქო. ვიღაცის მომღიმარი სახე შევამჩნიე, მეუცნაურა და მეუხერხულა. მაგრამ დავმშვიდდი და მივხვდი რომ სხვაგან ვიყავი და კარგად ვიყავი. მოგვიახლოვდა და გვითხრა - This is a city of love! ესეც მეუცნაურა მაგრამ მაინც ორივემ გავუღიმეთ. დავუყევით ესკალატორს ხელჩაკიდებულები, ჩავიკარგეთ ამ სიყვარულის ქალაქის საშინლად გადახლართულ მეტროს ხაზებში და ასე ხელჩაკიდებულები მივადექით კარებს, რომელიც შვედური გარეგნობის ქალმა გააღო... დილით გამოუძინებელს და შემცივნებულს, ამ ქალის ცხელმა ბრიტანულმა ჩაიმ გამითბო ძვლები. გვიყურებდა ეს ქალი, მერე მივიდა შვილთან, შუბლზე აკოცა, მე გამიღიმა, დაგვემშვიდობა და სამსახურში წავიდა. მერე წამოვედი სასტუმროში და გზაში ვფიქრობდი რატომ არ მოკლა ამ ქალმა მისი შვილი?

Monday, August 28, 2017

რა არის ქვიარი?

ტერმინი - Queer პირდაპირი თარგმანით უცნაურს და განსხვავებულს ნიშნავს. თუმცა, იგი არ ითარგმნება, უცვლელად უნდა გადმოვიტანოთ ქართულ ენაში და გამოვიყენოთ - ქვიარი.

თავდაპირველად ეს ტერმინი არაჰეტეროსექსუალი, ტრანსგენდერი და გენდერულად არანორმატიული ადამიანების შეურაცხყოფისთვის გამოიყენებოდა, თუმცა მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ლგბტ აქტივისტებმა ქვიარს პოზიტიური შინაარსი მიანიჭეს და დაიწყეს მისი გამოყენება საკუთარი თავის აღსაწერად.

ამ ტერმინის თავდაირველი გამოყენება ნიშნავდა იმას, რომ ჰომოსექსუალებს უნდა შერცხვენოდათ თავიანთი ჰომოსექსუალობის გამო. ტერმინის მიმღებლობა კი ცალსახად პროვოკაციული ნაბიჯია. და რატომაც არა? ის რითაც შენ დაგცინიან, ის რითაც შენს შერცხვენას ცდილობენ, შენი სიამაყის მთავარი ცენტრი ხდება. როცა გეუბნებოდნენ, რომ შენ ქვიარი ხარ, ამით გამცირებდნენ, დღეს კი ამაყად პასუხობ - დიახ, მე ქვიარი ვარ და ვამაყობ იმით რომ ქვიარი ვარ!

ქართულში გვაქვს ამ ტერმინის ცუდი შესატყვისი - "პიდარასტი". წარმოიდგინეთ, რომ ამ სიტყვას პოზიტიური შინაარსი მივანიჭოთ და გამოვიყენოთ ჩვენი თავის აღსაწერად. თუ ვინმე გიწოდებთ პიდარასტს, თქვენთვის ეს შეურაცხყოფა აღარ იქნება და უპასუხებთ - დიახ, მე პიდარასტი ვარ!

ფილმში "პრაიდი" კარგად ჩანს ტერმინების მიმღებლობის ტრადიცია: გაზეთში გამოქვეყნდება სტატია, სადაც LGSM-ის (ლესბოსელები და გეები მაღაროელების მხარდასაჭერად) წევრებს გარყვნილებად მოიხსენიებენ. ჯგუფი მიიღებს ამ ტერმინს და მაღაროელების მხარდამჭერ საქველმოქმედო კონცერტს - "გარყვნილები მხარს უჭერენ მაღაროელებს" დაარქმევენ.

Saturday, July 22, 2017

რატომ მოიაზრებს ნაციონალიზმი სექსიზმს, რასიზმსა და ჰომოფობიას?

თუ ჩვენ გვინდა გავიაზროთ რატომაა დაკავშირებული ნაციონალიზმი სექსიზმთან, რასიზმთან, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან, პრობლემა მასკულინურობაში უნდა ვეძებოთ. ამის მიზეზი კი ნაციონალისტურ იდეოლოგიასა და მასკულინურობას შორის არსებული მჭიდრო კავშირია.

ნაციონალიზტურ პოლიტიკაში კაცის და ქალის "ადგილები" განსაზღვრულია ამავე პოლიტიკის მიერ. კაცები დომინირებულ კლასს წარმოადგენენ, რომლებიც ქართულ მასკულინურ მიკროკულტურაში ნაციონალისტური იდეოლოგიის მილიტარიზმის მეშვეობით აგრძელებენ ძალაუფლების განხორციელებას.

თუ სიმძიმის ცენტს მასკულინურობაში არ გადავიტანთ, სხვაგვარად ვერ გავიაზრებთ იმას, თუ რატომ ცდილობენ კაცები დაიცვან მასკულინურობა და შეინარჩუნონ ჰეტერონორმატიულობა, რომელთა მტრებადაც ფემინისტი ქალები და კაცები, მიგრანტები, ჰომოსექსუალები და ტრანსგენდერები არიან წარმოჩენილნი. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის მასკულინურობა და როგორ განისაზღვრება იგი ქართულ ცნობიერებაში?

თანამედროვე ქართული მასკულინურობა იმეორებს მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში იმპერიალისტურ ამერიკასა და ევროპაში აღმოცენებულ განსაზღვრებას, რომელიც უმნიშვნელო ცვლილებებით გადმოვიდა საბჭოურ ცნობიერებაში. მასში მოიაზრება - დამოუკიდებლობა, ღირსება, პატივმოყვარეობა, გამბედაობა, პატრიოტიზმი, კომპეტენტურობა, გმირობა და სხვ.

Sunday, May 14, 2017

პროტესტი ეკლესიის წინ

https://www.facebook.com/17maisi/photos/ms.c.eJw9zsENxEAIQ9GOVhgMmP4bi2aW5Pr0ZRkZ6jGLArONP1xg~_rCV0kJ2nQKBhWK6gPZZUMeBtLeYs9OyjAsy2NlgbSFzv0C9EPcHuT9kxRl2x~_AD~;cEf4Bol9A~-~-.bps.a.1538580912833283.1073741833.831549733536408/1538802266144481/?type=3&theater
ფოტო: 17 მაისი
პროტესტის ეს ფორმა პოლიტიკური აქტია. იგი არის პოზიცია ეკლესიის ინსტიტუციური ჰომოფობიის წინააღმდეგ. იგი პასუხია ეკლესიის პოლიტიკაზე.

პროტესტის მსგავსი ფორმით დაიწყეს შავკანიანებმა ბრძოლა გათავისუფლებისთვის. ისინი სპეციალურად შედიოდნენ იმ კაფეებში, სადაც შესვლა ეკრძალებოდათ და ამგვარად იკავებდნენ საჯარო სივრცეებს.

ეკლესიას უნდა, რომ შენ იმალებოდე, არ ჩანდე და არ იყო აქტორი პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში. ამიტომაც "მოიპარა" 17 მაისი და გამოაცხადა იგი ოჯახების სიწმინდის დღედ. ამ აქტით კი ლგბტ თემი საჯარო სივრციდან განდევნა. საქართველოში ლგბტ თემი არასდროს ყოფილა 17 მაისს ქვეყნისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე - თბილისში, რუსთაველის გამზირზე. 17 მაისი კი სწორედ საჯარო სივრცეში ლგბტ ადამიანთა არდაშვებისთვის გაბრძოლებაა ეკლესიის მხრიდან.

დიახ, მთავარი პრობლემა სწორედ ეკლესიაშია და პროტესტის გამოხატვა ეკლესიის წინ სწორი და ზუსტი აქცენტის დასმაა. 2016 წელს იგივე სცადეს ლგბტ აქტივისტებმა საპატრიარქოს შენობასთან. მაშინ ისინი დააკავეს. ყოველ 17 მაისს გვეუბნებიან, რომ წავიდეთ სადმე ჯანდაბაში, რადგან საჯარო სივრცე უკვე ეკლესიას ეკუთვნის და ჩვენი ადგილი აღარ დარჩა.

ვიღაცები გიდგენენ პროტესტის ჩარჩოებს და გეუბნებიან, რომ მოიქცე "სწორად" და არ იყო კონტპროდუქტიული. დაიკიდე მათი საუბარი!!! ისინი ცდილობენ ყველაფერში სტანდარტები დაადგინონ. გააცნობიერე, რომ შენ მათ სტანდარტებში ვერ ჩაჯდები რადგან იყო ქვიარი, ეს ავტომატურად ნიშნავს რომ არღვევდე მათ მიერ შექმნილ სტანდარტებს. ისინი ვერ გაიგებენ ამას, რადგან ის არ გამოუცდიათ, რასაც ჩვენ, ქვიარები განვიცდით. ჰომოფობიის მუდმივ სამიზნედ ყოფნა გაბრაზებს და როცა გაბრაზებული ხარ ვერ აკონტროლებ შენს ემოციებს. ამიტომ, შეიძლება პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართო.

Thursday, March 23, 2017

რატომ ვამაყობ იმით რომ გეი ვარ?

სიამაყე პოლიტიკური აქტია. იგი არის  ჩემი პოზიცია ჩაგვრის წინააღმდეგ. სიამაყე ნიშნავს, რომ ვახდენ ჩემი ჰომოსექსუალობის დეკლარირებას. ამით ვუპირისპირდები იმ ჰეტერონორმატიულ წესრიგს, რომელიც გამუდმებით ცდილობს, რომ ჩამინერგოს შიში და ზიზღი ჰომოსექსუალობის მიმართ. დაბადებიდანვე ჩამძახიან, რომ უნდა მძულდეს ჩემი თავი და ვმალავდე ჩემს სექსუალურ ორიენტაციას. ეს პროცესი მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

ჩვენ მანამ უნდა ვიამაყოთ ჩვენი ჰომოსექსუალობით, სანამ ჰეტერონორმატიულობას არ დავამარცხებთ. სიამაყე პასუხია ნორმატიულ წესრიგზე, რომელიც ჩვენ, გეებს ამ წესრიგიდან გამოგვრიცხავს.

როცა მშობლებთან ქამინგ აუთს აკეთებ, სახლიდან გაგდებენ და ამბობენ, რომ შენ მათი შვილი აღარ ხარ. თუ "გაგიმართლა" და სახლში დაგტოვეს, გეუბნებიან რომ ამის შესახებ სხვას არ უთხრა, რადგან სირცხვილია და ოჯახს თავს მოჭრი.

ჩვენ, გეებს გვაწამებდნენ. ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ჩვენზე ცდებს აკეთებდნენ. ხან ავერსული თერაპიით, ხან ჰორმონალური თერაპიით, ხან კასტრაციით, ხან ლობოტომიით და ხანაც უფრო საშინელი მეთოდებით ცდილობდნენ ამოეძირკვათ ჩვენი სხეულებიდან ჰომოსექსუალობა.

მათ უნდათ, რომ შენ იმალებოდე, არ ჩანდე და არ იყო აქტორი სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ ცხოვრებაში. გეუბნებიან, რომ თავს არ მოახვიო შენი ჰომოსექსუალობა. არადა თვითონ ყოველთვის თავს გახვევენ თავიანთ ჰეტეროსექსუალობას.

Thursday, March 16, 2017

მე გეი ვარ

"მე გეი ვარ" - ეს ფრაზა პოლიტიკური განაცხადია. დიახ, პოლიტიკური, რადგან შენ პირველ პირში იწყებ საუბარს. შენ განაცხადებ შენი არსებობის შესახებ და იწყებ ბრძოლას იმ წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც გეების არსებობას გამორიცხავს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი თუ სოციალური დღის წესრიგიდან.

ამას სხვაგვარად ქამინგ აუთი ანუ იატაკქვეშეთიდან გამოსვლა ჰქვია. ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ ქამინგ აუთი ცხოვრების ერთი კონკრეტული მომენტია. ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ამ ფრაზის თქმა რომელიმე სატელევიზიო შოუში უნდა მოხდეს და ამის მერე ყველას ეცოდინება, რომ შენ გეი ხარ. მაგრამ, ეს ასე არ არის. ქამინგ აუთი მთელი ცხოვრების განმავლობაშიც გრძელდება. მე ამ პოსტშიც კი ვაკეთებ ამას, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე ასჯერ ან მეტჯერაც მექნება გაკეთებული სხვადასხვა სივრცეში და სხვადასხვა ადამიანებთან.


მოკლედ, მე ვარ კობა და გეი ვარ.

ჰო, დღეს უპრობლემოდ შემიძლია ამის თქმა და არ მეშინია იმის, რომ ამას ჩემი მეგობარი ნათესავი ან ოჯახის წევრი წაიკითხავს და სახეში მომაფურთხებს ან ჩემს შანტაჟს დაიწყებს. არ მეშინი იმის, რომ ამას ვინმე ჩემთვის უცნობი ადამიანი წაიკითხავს, ვინც მერე მეტროს ვაგონში მიცნობს და თავ-პირს დამილეწავს.

თუმცა, ჯერ კიდევ 5 წლის წინ რომელიმე ჩემს მეგობარს იგივე რომ დაეწერა, საშინელი რეაქცია მექნებოდა - დავბლოკავდი სოციალურ ქსელებში, გამარჯობას არ ვეტყოდი ქუჩაში რომ შემხვდებოდა და ალბათ სახეშიც შევაფურთხებდი.

ჰო, 5 წლის წინ სხვა ვიყავი. დღეს კი სულ სხვა ვარ. არა, იმას არ ვგულისხმობ რომ 5 წლის წინ გეი არ ვიყავი. ახლაც გეი ვარ, 5 წლის წინაც გეი ვიყავი და როცა დავიბადე მაშინაც! მაგრამ, ადრე ჰეტეროსექსულის არაკომფორტული ნიღაბი მქონდა მორგებული, მერე გავბრაზდი და მოვიშორე.

Sunday, November 29, 2015

აივ/შიდსი და მასთან დაკავშირებული სტიგმა

შიდსი პირველად მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში ჰომოსექსუალ მამაკაცებში აღმაჩინეს და მას გეი ასოცირებული დაავადება უწოდეს. შემდეგ იგი ნარკოტიკის ინექციური გზით მომხმარებლებშიც აღმოაჩინეს და შიდსით დაავადების შესახებ სტერეოტიპს კიდევ ერთი ჯგუფი შეემატა. ეს ჯგუფი კიდევ გაიზარდა, როდესაც აფრიკელ ქალებსა და კაცებშიც აღმოაჩინეს. თუმცა, საბოლოოდ სტერეოტიპი შეიცვალა და დღეს აღარავინ დაობს იმაზე, რომ შიდსი შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს შეეხოს.

აივ ინფექცია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსია და იგი ორგანიზმში შეჭრის მომენტიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში არსებობს. შიდსი კი აივ ინფექციის ბოლო სტადიაა, როდესაც ხდება კლინიკური ნიშნების გამოვლენა.

აივ ინფექციის ადრეული დიაგნოსტირება მხოლოდ კლინიკური ნიშნების გაჩენის ანუ შიდსის სტადიაზე ხდებოდა. 1985 წლიდან კი შედარებით მარტივი ლაბორატორიული გამოკვლევის საშუალებით აივ ინფექციის ადრეული გამოვლინების საშუალება გაჩნდა.


თანამედროვე მედიცინა თანდათან უფრო ვითარდება და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელი გახდება ამ ინფექციის დამარცხება. თუმცა, დღეისათვის შესაძლებელია ადამიანმა ეს ინფექცია მართოს მკურნალობის საშუალებით. ამისათვის კი საჭიროა დროული გამოვლენა აივზე ტესტის გაკეთებით.

Tuesday, July 7, 2015

"პლაცებოს" ქართველი ფანები ლგბტ დროშით შეეგებნენ

ინგლისურმა ჯგუფმა "პლაცებომ" 7 ივლისს ფესტივალის "Tbilisi Open Air"-ის ფარგლებში თბილისში კონცერტი გამართა. "პლაცებო" ღიად გეი ბენდია და სწორედ ამიტომ პოპულარობას არ კარგავს ლგბტ ადამიანებში. ქართველი მსმენელი კი სწორედ ლგბტ დროშით შეხვდა საყვარელ ბენდს. თავად ბენდის წევრი - სტეფან ოლსდალი კონცერტზე ლგბტ დროშის ფერებით მოხატული გიტარით წარსდგა.



Sunday, May 19, 2013

"პიდარასტის" 17 მაისი


"არ შეიძულო ადამიანები კობა! ღმერთი ბოროტი არ არის და ის შენ დაგიცავს! ის ადამიანები ბნელები არიან და ჰგონიათ რომ ღმერთს ემსახურებიან! ღმერთს მსახურება არ სჭირდება, ღმერთს სიყვარული უნდა! არ შეიძულო ადამიანები კობა!"

ერთადერთი რაც ახლა მჭირდება მხარდაჭერაა!
მე ერის მტრად გამომაცხადეს, რომელზედაც გაიმარჯვეს. მე დამამცირეს, ანაფორიანებმა ქვები და ბოთლები მესროლეს, მერე ფეხებით შეგვდგნენ და ავტობუსი ლამის გადააყირავეს, ცხოველებივით მოგვექცნენ. მანამდე ადამიანები დაზომბეს, ბავშვები დაგეშეს და ჭინჭრებით და ჯვრებით მოგვადგნენ "საქართველოს მტრებს". ადამიანებს სწორედ ასე ჩაუნერგეს ცნობიერებაში, რომ მე მტერი ვარდა უნდა შემებრძოლონ. ჰოდა ჩემზე გაიმარჯვეს და მე დამამარცხეს.

სახელმწიფომ მოგვატყუა, გვითხრა ყველაფერი კარგად იქნებაო და ეს იმიტომ, რომ პირდაპირ ვერ გვითხრეს თქვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ხართო. როგორც აღმოჩნდა მათთვის მთავარი იყო ჩვენგან ვინმე არ მომკვდარიყო. ესეც იმიტომ, რომ ქვეყანას სირცხვილი არ ეჭამა და იმიჯი არ შელახვოდა და იმ ცოდვიან ანაფორიანებს კიდევ ერთი ცოდვა არ მიმატებოდათ.