Thursday, March 23, 2017

რატომ ვამაყობ იმით რომ გეი ვარ?

სიამაყე პოლიტიკური აქტია. იგი არის  ჩემი პოზიცია ჩაგვრის წინააღმდეგ. სიამაყე ნიშნავს, რომ ვახდენ ჩემი ჰომოსექსუალობის დეკლარირებას. ამით ვუპირისპირდები იმ ჰეტერონორმატიულ წესრიგს, რომელიც გამუდმებით ცდილობს, რომ ჩამინერგოს შიში და ზიზღი ჰომოსექსუალობის მიმართ. დაბადებიდანვე ჩამძახიან, რომ უნდა მძულდეს ჩემი თავი და ვმალავდე ჩემს სექსუალურ ორიენტაციას. ეს პროცესი მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

ჩვენ მანამ უნდა ვიამაყოთ ჩვენი ჰომოსექსუალობით, სანამ ჰეტერონორმატიულობას არ დავამარცხებთ. სიამაყე პასუხია ნორმატიულ წესრიგზე, რომელიც ჩვენ, გეებს ამ წესრიგიდან გამოგვრიცხავს.

როცა მშობლებთან ქამინგ აუთს აკეთებ, სახლიდან გაგდებენ და ამბობენ, რომ შენ მათი შვილი აღარ ხარ. თუ "გაგიმართლა" და სახლში დაგტოვეს, გეუბნებიან რომ ამის შესახებ სხვას არ უთხრა, რადგან სირცხვილია და ოჯახს თავს მოჭრი.

ჩვენ, გეებს გვაწამებდნენ. ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ჩვენზე ცდებს აკეთებდნენ. ხან ავერსული თერაპიით, ხან ჰორმონალური თერაპიით, ხან კასტრაციით, ხან ლობოტომიით და ხანაც უფრო საშინელი მეთოდებით ცდილობდნენ ამოეძირკვათ ჩვენი სხეულებიდან ჰომოსექსუალობა.

მათ უნდათ, რომ შენ იმალებოდე, არ ჩანდე და არ იყო აქტორი სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ ცხოვრებაში. გეუბნებიან, რომ თავს არ მოახვიო შენი ჰომოსექსუალობა. არადა თვითონ ყოველთვის თავს გახვევენ თავიანთ ჰეტეროსექსუალობას.


ჰეტეროები გიდგენენ ჩარჩოებს და გეუბნებიან, რომ შენი ორიენტაციით კი არა, შენი შემოქმედებით ან შენი გნვლილი ცხოვრებით უნდა ამაყობდე. დაიკიდე მათი საუბარი!!! ისინი ცდილობენ ყველაფერში სტანდარტები დაადგინონ. გააცნობიერე, რომ შენ მათ სტანდარტებში ვერ ჩაჯდები რადგან იყო გეი, ეს ავტომატურად ნიშნავს რომ არღვევდე მათ მიერ შექმნილ სტანდარტებს. ჰოდა იამაყე იმით, რომ გეი ხარ! ისინი ვერ გაიგებენ ამას, რადგან ის არ გამოუცდიათ, რასაც ჩვენ, გეები განვიცდით.

ჰეტეროები გეუბნებიან, რომ ხაზია რ გაუსვა შენს ჰომოსექსუალობას, რადგანაც ღიზიანდებიან ამით. ისინი მოგიწოდებენ, რომ მოიქცე "ნორმალურად", რათა მიგიღონ და შეიცვალონ სტერეოტიპული აზროვნება.

გააცნობიერე, რომ შენ არაფერში გჭირდება მიღება! მითუმეტეს იმ ადამიანებისგან, ვინც შენთვის არაფერს წარმოადგენენ. პრობლემა შენში კი არა, იმ მჩაგვრელშია, რომელიც შენგან მონსტრის და გარყვნილის ხატს ქმნის და მერე შენ გეუბნება რომ რამე გააკეთო იმისთვის, რომ ეს სტერეოტიპებით გაბერილი მოსნტრის ხატი დაუნგრიო, რასაც თვითონ აგებს. ეს ხომ სასაცილოა? ისინი თავს გახვევენ თავიანთ წესებს. შენ შეგიძლია იყო არანორმალური! შენ შეგიძლია იყო ის ვინც ხარ! შენ შეგიძლია იყო ბედნიერი!

და გახსოვდეს: არასდროს დათმო შენი ბედნიერება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის თვალში "კარგი გეის ხატი" შექმნა და უაზრო სტერეოტიპების დაძლევაში დაეხმარო ვიღაც მჩაგვრელს. შენ შენი ცხოვრება გაქვს და არ ხარ ვალდებული მჩაგვრელების განჰომოფობებას შესწირო იგი!

No comments:

Post a Comment