Monday, August 28, 2017

რა არის ქვიარი?

ტერმინი - Queer პირდაპირი თარგმანით უცნაურს და განსხვავებულს ნიშნავს. თუმცა, იგი არ ითარგმნება, უცვლელად უნდა გადმოვიტანოთ ქართულ ენაში და გამოვიყენოთ - ქვიარი.

თავდაპირველად ეს ტერმინი არაჰეტეროსექსუალი, ტრანსგენდერი და გენდერულად არანორმატიული ადამიანების შეურაცხყოფისთვის გამოიყენებოდა, თუმცა მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ლგბტ აქტივისტებმა ქვიარს პოზიტიური შინაარსი მიანიჭეს და დაიწყეს მისი გამოყენება საკუთარი თავის აღსაწერად.

ამ ტერმინის თავდაირველი გამოყენება ნიშნავდა იმას, რომ ჰომოსექსუალებს უნდა შერცხვენოდათ თავიანთი ჰომოსექსუალობის გამო. ტერმინის მიმღებლობა კი ცალსახად პროვოკაციული ნაბიჯია. და რატომაც არა? ის რითაც შენ დაგცინიან, ის რითაც შენს შერცხვენას ცდილობენ, შენი სიამაყის მთავარი ცენტრი ხდება. როცა გეუბნებოდნენ, რომ შენ ქვიარი ხარ, ამით გამცირებდნენ, დღეს კი ამაყად პასუხობ - დიახ, მე ქვიარი ვარ და ვამაყობ იმით რომ ქვიარი ვარ!

ქართულში გვაქვს ამ ტერმინის ცუდი შესატყვისი - "პიდარასტი". წარმოიდგინეთ, რომ ამ სიტყვას პოზიტიური შინაარსი მივანიჭოთ და გამოვიყენოთ ჩვენი თავის აღსაწერად. თუ ვინმე გიწოდებთ პიდარასტს, თქვენთვის ეს შეურაცხყოფა აღარ იქნება და უპასუხებთ - დიახ, მე პიდარასტი ვარ!

ფილმში "პრაიდი" კარგად ჩანს ტერმინების მიმღებლობის ტრადიცია: გაზეთში გამოქვეყნდება სტატია, სადაც LGSM-ის (ლესბოსელები და გეები მაღაროელების მხარდასაჭერად) წევრებს გარყვნილებად მოიხსენიებენ. ჯგუფი მიიღებს ამ ტერმინს და მაღაროელების მხარდამჭერ საქველმოქმედო კონცერტს - "გარყვნილები მხარს უჭერენ მაღაროელებს" დაარქმევენ.


თუმცა, ყველა ლგბტ ადამიანისთვის არ იქნება "პიდარასტი" მისაღები ტერმინი ისევე, როგორც "ქვიარს" არ იყენებს ყველა ლგბტ ადამიანი საკუთარი თავის აღსაწერად.

იან უიქმენი ქვიარის სამგვარ გამოყენებას გამოყოფს:

1. თეორიული - სექსუალობის და გენდერის შესახებ არსებული თორიული ნაშრომების ერთობლიობა;

2. პოლიტიკური - რადიკალურ აქტივისტურ პოლიტიკას ატარებს და პროვოკაციულად უპირისპირდება ჰომოფობიასა და ჰეტერონორმატიულობას. ქვიარ აქტივიზმი ფემინისტური და ლგბტ მოძრაობის რადიკალიზებული ბრძოლაა;

3. კულტურული - ტერმინების კრებით სახელად გამოიყენება ლგბტი+ ადამიანების აღსანიშნად. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ ყველა არაჰეტეროსექსუალის და ტრანსგენდერის საერთო სახელი ლგბტ+ ნაცვლად. შესაძლოა ხშირად შეხვდეთ ტერმინს - "ქვიარ თემი" და იგულისხმებოდეს ლგბტ თემი.

ქვიარ აქტივიზმი წინააღმდეგობაში მოდის იდენტობის ლიბერალურ პოლიტიკასთან. იდენტობის პოლიტიკა დაკავშირებულია აღიარებასთან, მიმღებლობასთან და ტოლერანტობასთან. ალბათ გსმენიათ: "მეც შენნაირი ვარ და მიმიღე..." "ჩვენ ტოლერანტულები უნდა ვიყოთ ყველა განსხვავებული ადამიანის მიმართ..." და სხვა მსგავსი ყალბი ფრაზები.

ქვიარ ადამიანებს არ სჭირდებათ მიმღებლობა, რადგან მისაღები არაფერი "სჭირთ" და საერთოდ არ უნდა განვიხილოთ ადამიანთა იდენტობა მიმღებლობა/მიუღებლობის კონტექსტში!

ქვიარ პოლიტიკა იაზრებს, რომ პრობლემა ლგბტ ადამიანებში კი არა ჰომოფობიაშია. პრობლემა არ არის ჩაგრულში, პრობლემა ყოველთვის მჩაგვრელშია. შესაბამისად მიუღებელი და დამამცირებელია ლგბტ ადამიანები იხვეწებოდნენ მიმღებლობას!

წარმოიდგინეთ, რამდენად ამაზრზენია, როცა შენგან მონსტრის ხატს ქმნიან და მერე შენვე გეუბნებიან, რომ მოიქცე "ნორმალურად" რათა შეეცვალოთ შენზე წარმოდგენები და "მიგიღონ". უკაცრავად, მაგრამ ეს თავზე მოსაქმებას ჰგავს! შენ შეგიძლია იყო არანორმალური და ამაში საერთოდ არ არის პრობლემა!

შენ იმსახურებ ბედნიერებას და შენს ძვირფას დროს არ უნდა კარგავდე იმაში, რომ სხვებს უხსნიდე როგორი ხარ და როგორ კავდები სექსით შენივე სქესის ადამიანთან. სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა ქვიარ სივრცეების არსებობას. გეი კლუბები და ბარები ის ადგილებია, სადაც მომაბეზრებელ კითხვებს არ გისვამენ, რათა სტერეოტიპებით გატენილ თავებს ებრძოლონ.

იდენტობის ლიბერალური პოლიტიკა გარკვეული იდენტობის ნიშნით გაერთიანებასაც გულისხმობს, თუმცა ერთგვარი იდენტობა ცალსახად არ არსებობს! ერთი ინდივიდი ერთად აღებული ქალი, მუშა და ქართველია და არა ცალ-ცალკე ქალი, მუშა და ქართველი.

ქვიარ პოლიტიკა კი გულისხმობს იდენტობებისგან გათავისუფლების შესაძლებლობასაც, რადგან სწორედ ადამიანთა იდენტობა გამოიყენება ჩაგვრის იარაღად. გეი იმიტომ იჩაგრება, რომ გეია. ქალი იმიტომ იჩაგრება, რომ ქალია. შავკანიანი იმიტომ იჩაგრება, რომ შავკანიანია და ა.შ.

თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩაგვრისგან გავთავისუფლდეთ, პირველ რიგში იდენტობისგან უნდა გავთავისუფლდეთ. შეიძლება ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მისი განხორციელება ნამდვილად არის შესაძლებელი.

მე-20 საუკუნეში შიდსის კრიზისის დროს აშშ-ში დაწყებული ლოკალური მოძრაობის მიღწევაა სწორედ იდენტობისგან გათავისუფლების მაგალითი. ამ მოძრაობამ მიაღწია იმას, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღეს აივზე მკურნალობა და სხვა სერვისები უფასო და ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის ნებისმიერი იდენტობის მიუხედავად.

ქვიარ მოძრაობა კონსერვატიულ ლგბტ მოძრაობასთან წინააღმდეგობაში მოდის. მაშინ, როდესაც მეინსტრიმ ლგბტ ორგანიზაციები მუშაობენ წარმოსადეგი გეი ხატის შექმნაზე, რომელიც იმეორებს ჰეტერონორმატიულ სამყაროში არსებულ სტანდარტებს, ქვიარ მოძრაობისთვის პრინციპულად მიუღებელია მხოლოდ მასკულინური, მდიდარი გეების ტელეეკრანებზე წარმოჩენა.

ამ დაპირისპირების კარგი მაგალითი საქართველოშიც გვაქვს. 2016 წელს ორგანიზაცია "ლგბტ საქართველოს" საახალწლო კლიპს მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი ლგბტ აქტივისტებში. ამ კლიპში წარმოჩენილი იყო ძალიან ფემინური, ძევკა (საქართველოში ტერმინს "ძევკა" გამოიყენებენ ფემინური გეების დასამცირებლად) გეი. პროტესტი სწორედ ამ გეის ხატმა გამოიწვია. ზოგიერთი აქტივისტი ამბობდა, რომ ამით საზოგადოებას კიდევ უფრო გავაღიზიანებთ და სჯობს უფრო "დახვეწილი" გეები გამოჩნდნენ ეკრანებზე.


თუმცა რა ვუყოთ ფემინურ, ძევკა გეებს? გადავმალოთ? ისინი ხომ ყველაზე უფრო ხმაურიანად არღვევენ ჰომოფობიურ წესრიგს, ვიდრე ამ წესრიგს "მორგებული" გეები?

მთავარი პრობლემა ჰეტეროსექსუალობის ეტალონად აღება და ყველა სხვა იდენტობის მასთან შედარებაა. სინამდვილეში ჰეტეროსექსუალები, ჰომოსექსუალები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები, ასექსუალები, პანსექსუალები და სხვები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. სისულელეა ვისაუბროთ მსგავსებაზე, რადგან ლესბოსელი ქალი ვერასდროს იქნება ჰეტეროსექსუალი ქალის მსგავსი და პირიქით. წარმოვიდგინოთ, სამყარო რომ ჰომონორმატიული იყო, როგორ დაიჩაგრებოდნენ ჰეტეროსექსუალები და სხვა სექსუალობის მქონე ინდივიდები, რადგან ვერასდროს დაემსგავსებოდნენ ჰომოსექსუალებს.

ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ნებისმიერ ნორმატიულობას, რადგან პრობლემა ნორმატიულ სისტემაშია! მჩაგვრელ სისტემას მორგება დასაწყისშივე სისულელეა, რადგან გეის ყოველთვის ექნება ერთი მნიშვნელოვანი "ნაკლი" - მისი იდენტობა, რაც შეუძლებელს ხდის მის მსგავსებას ჰეტეროსექსუალებთან. ჰეტერონორმატიულ წესრიგში გაბატონებული იდეალები კი საფუძველშივე გამორიცხავს ჰომოსექსუალობას.

თუმცა, ჰეტერონორმატიულობის სიყალბე იქამდეც მიდის, რომ ლიბერალი ჰეტეროსექსუალები გეტყვიან: "მე არ მაინტერესებს შენი ორიენტაცია, მე ისეთი მომწონხარ, როგორიც ხარ. მთავარია არ შემეხო...". ეს იგივეა, რომ გითხრან - ჯანდაბას, ცუდი ტიპი ხარ, მაგრამ მანც მიგიღებ, ოღონდ ხმა არ ამოიღო და მე თავს არ მომახვიო შენი ორიენტაცია. ცალსახაა, რომ ეს "მიმღებლობა" სიყალბეა. ასეთი პირობის წაყენება, დასაწყისშივე შეზღუდვას გულისხმობს. ჩაგვრისგან გათავისუფლება კი უპირობო კომუნიკაციას მოიაზრებს.

ქვიარ პოლიტიკა ჰეტერონორმატიულობაში ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებსა და მსოფლმხედველობებს გამოწვევის წინაშე აყენებს. იგი ყოველგვარი ენის მოჩლექვის გარეშე, პირდაპირ ამხელს ჰომოფობიას კულტურის თითქმის ყველა ასპექტში. მაგალითად: მოხუცებულთა მოვლის პოლიტიკაში ერთი შეხედვით სექსუალობის კვალი არ იკითხება. თუმცა, არსებული ჰეტერონორმატიული წესრიგი მოხუცებულთა მოვლას შვილებს და შვილიშვილებს აბარებს. ასეთ სიტუაციაში კი ამ სისტემას ცალსახად ჰომოფობიური მიდგომა აქვს მოხუცი გეების და ლესბოსელების მიმართ, რომლებსაც მარტოობის ალბათობის წინაშე აყენებს.

როდესაც მიმღებლობის ლიბერალურ პოლიტიკასა და ქვიარ პოლიტიკის შეუთავსებლობაზე ვსაუბრობთ, ცალკე უნდა ავღნიშნოთ ქორწინების საკითხი, რადგან არსად უბრძოლიათ კონსერვატიულ ლგბტ ორგანიზაციებს ისე, როგორც ქორწინების ფრონტზე.

2000 წელს ჰოლანდიიდან დაწყებული ბრძოლა "ქორწინების თანასწორობითვის" დღესაც გრძელდება და მოძრაობა დიდ "წარმატებას" აღწევს ამერიკასა და ევროპის კონტინენტზე (ამ ბრძოლას აფრიკის სამხრეთი და აზიის ერთი ქვეყანაც კი შეემატა). თუმცა ეს ბრძოლა "თანასწორობისთვის" სიყალბეა, რადგან იგი ცალსახად არ მოიაზრებს თანასწორობას.

თუ გეებს და ლესბოსელებს იგივენაირად შეუძლიათ ქორწინება, როგორც ჰეტეროსექსუალებს, ეს არ არის თანასწორობა! რას ვეუბნებით პოლიამორულ წყვილებს? მათ ხომ ქორწინების უფლება მაინც შეზღუდული აქვთ? გამოდის რომ "ქორწინების თანასწორობა" არ არის ქორწინების თანასწორობა!

თუმცა, როდესაც ამ თემაზე დისკუსია იწყება ქვიარ მოძრაობასა და ტრადიციულ კონსერვატიულ ლგბტ მოძრაობას შორის, ქვიარები ხაზს უსვამენ ოჯახის ტრადიციული გაგების მჩაგვრელობით ინსტიტუტს.

გსმენიათ ალბათ - "სახლში რაც უნდათ ის აკეთონ". თუმცა ეს ცალსახად ყალბი მოწოდებაა, რადგან მჩაგვრელობითი ინსტიტუტები როგორც საჯარო სივრციდან განდევნის სტრატეგიას მიჰყვებიან, ასევე გივარდებიან პირად სივრცეშიც და ცდილობენ გააკონტროლონ შენი პირადი ცხოვრება ოჯახის შიგნით გენდერული როლების განმტკიცებით და გარკვეული ნორმების დაწესებით.

კონსერვატორები კი ცდილობენ მოერგონ ამ მჩაგვრელობით ინსტიტუტს და არც კი ფიქრობენ, რომ სტრატეგიად ოჯახის ტრადიციული გაგების წინააღმდეგ იბრძოლონ.

ტრადიციული ოჯახი შეიძლება იყოს მხარდამჭერი სივრცე რასობრივი ან ეთნიკური ბრძოლების დროს, თუმცა იგი მჩაგვრელობითი ინსტიტუტია ლგბტ ადამიანებისთვის. მაგალითად: თუ შავკანიანთა ოჯახი ცხოვრობს საქართველოში და ბავშვი სკოლაში იჩაგრება მისი კანის ფერის გამო, ოჯახში იგი მიღებულია, რადგანაც მისი მშობლებიც შავკანიანები არიან. ლგბტ ადამიანებისთვის კი ხშირ შემთხვევაში პირველადი მოძალადე ინსტიტუცია სწორედ ოჯახი ხდება.

და საერთოდ, როცა ოჯახზე ვსაუბრობთ, ჰომოფობიური ინსტიტუციების მხრიდან ყოველთვის ხდება ლგბტ ადამიანთა მორალური დადანაშაულება გამრავლებაში ჩვენი წვლილის არშეტანით. მთავარი არგუმენტია, რომ ჩვენ გამრავლების მხრივ დეფიციტი გვაქვს და ლგბტ ადამიანთა არსებობა საფრთხეს უქმნის ქართველ ერს, რადგან ვერ ვმრავლდებით. თუმცა, ცხადია, რომ რეპროდუქცია სექსს რაციონალიზაციას ვერ უკეთებს და სექსის ლოგიკა ყოველთვის რეპროდუქცია არ არის. მაგრამ, მჩაგვრელობითი ინსტიტციები ლგბტ ადამიანთათვის მნიშვნელოვან თარიღს - 17 მაისს სწორედ ტრადიციული ოჯახის სიწმინდის დღედ აცხადებენ. ეს კი ნათელს ჰფენს იმას, თუ სად არის დაპირისპირების ცენტრალური ფრონტი. შესაბამისად, უცნაურად ჟღერს ასეთ მჩაგვრელობით ინსტიტუციაზე მორგება, რომელიც შენს არსებობას საერთოდ გამორიცხავს მისი წესრიგიდან. 17 მაისს მჩაგვრელობითი ინსტიტუციების მხრიდან ტრადიციული ოჯახის დღის აღნიშვნა კი მხოლოდ ქართული რეალობა არ არის. ის სათავეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რუსული "გეიროპული" პროპაგანდიდან იღებს.

ქვიარ პოლიტიკისთვის ასევე გაუგებარია ქვიარ ადამიანთა ჯგუფისთვის საზღვრების დაწესება, რაც არაერთხელ იცადა "თემის", "სექსუალური უმცირესობების" და სხვა მცნებების შემოტანით. ქვიარ პოლიტიკისთვის ბუნდოვანია ასეთი კატეგორიები, რომლებიც ჯგუფის წევრს და არაწევრს აღწერენ, რადგან გაურკვეველია ვინ არის ამ შემოსაზღვრული კატეგორიების შიგნით და გარეთ. ლგბტ იდენტობა ბუნდოვანია, რადგან ის ხან მიწერილია, ხან კი ქამინგ აუთის შედეგია.

და ბოლოს, ქვიარის გამოყენება არა შეფარვითი, არამედ პირდაპირი პროვოკაციული პოლიტიკური ნაბიჯია. იგი ტოლერანტულობის პრინციპებზე დამყარებულ პოლიტიკაზე უფრო მაღლა დგას და იბრძვის "ნორმალური" რეჟიმის წინააღმდეგ. თავად ტერმინი სწორედ "ნორმალურის" საწინააღმდეგოდ წარმოიშვა იმ ძალადობისა და ჩაგვრის დროს, როდესაც ცდილობდნენ ლგბტ ადამიანების სხეულებიდან ამოეკვეთათ იდენტობები ქცევითი თერაპიის სხვადასხვა მეთოდებით (ავერსული თერაპია, ჰორმონოთერაპია, კასტრაცია, კლიტორის მოკვეთა, ლობოტომია და სხვ.) და გაეხადათ ისინი "ნორმალურები". იგი ცდილობს გამოააშკარავოს ეს ძალადობა და არ მანიპულირებს ტოლერანტობის ყალბი პოლიტიკის პრინციპებით.

No comments:

Post a Comment