Saturday, July 22, 2017

რატომ მოიაზრებს ნაციონალიზმი სექსიზმს, რასიზმსა და ჰომოფობიას?

თუ ჩვენ გვინდა გავიაზროთ რატომაა დაკავშირებული ნაციონალიზმი სექსიზმთან, რასიზმთან, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან, პრობლემა მასკულინურობაში უნდა ვეძებოთ. ამის მიზეზი კი ნაციონალისტურ იდეოლოგიასა და მასკულინურობას შორის არსებული მჭიდრო კავშირია.

ნაციონალიზტურ პოლიტიკაში კაცის და ქალის "ადგილები" განსაზღვრულია ამავე პოლიტიკის მიერ. კაცები დომინირებულ კლასს წარმოადგენენ, რომლებიც ქართულ მასკულინურ მიკროკულტურაში ნაციონალისტური იდეოლოგიის მილიტარიზმის მეშვეობით აგრძელებენ ძალაუფლების განხორციელებას.

თუ სიმძიმის ცენტს მასკულინურობაში არ გადავიტანთ, სხვაგვარად ვერ გავიაზრებთ იმას, თუ რატომ ცდილობენ კაცები დაიცვან მასკულინურობა და შეინარჩუნონ ჰეტერონორმატიულობა, რომელთა მტრებადაც ფემინისტი ქალები და კაცები, მიგრანტები, ჰომოსექსუალები და ტრანსგენდერები არიან წარმოჩენილნი. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის მასკულინურობა და როგორ განისაზღვრება იგი ქართულ ცნობიერებაში?

თანამედროვე ქართული მასკულინურობა იმეორებს მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში იმპერიალისტურ ამერიკასა და ევროპაში აღმოცენებულ განსაზღვრებას, რომელიც უმნიშვნელო ცვლილებებით გადმოვიდა საბჭოურ ცნობიერებაში. მასში მოიაზრება - დამოუკიდებლობა, ღირსება, პატივმოყვარეობა, გამბედაობა, პატრიოტიზმი, კომპეტენტურობა, გმირობა და სხვ.

მასკულინურობის განსაზღვრების დისკურსში კონელს შემოაქვს მასკულინურობის "სუბორდინირებული" ფორმებით დაყოფა (1987, გვ. 186). იგი მასკულინურობას ჰყოფს რასის და სექსუალობის მიხედვით: სექსუალიზირებული მასკულინურობა ნიშნავს, რომ კაცი არ უნდა მოიქცეს ფემინურად და არ იყოს ჰომოსექსუალი; რასობრივი მასკულინურობა კი ნიშნავს, რომ კაცი არ უნდა იყოს შავკანიანი, ინდოელი და სხვ.

მაგრამ, რა კავშირშია იგი ნაციონალიზმთან?

თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, აღმოვაჩენთ, რომ იგი სავსეა ემანსიპატორული ბრძოლებით თურქეთისა და რუსეთის იმპერიების წინააღმდეგ და ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების პროცესით. ქართველი ნაციონალისტები ცდილობდნენ მიეღწიათ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, რაც აღვივებს ნაციონალისტურ ეთნოცენტრიზმს. ამგვარი კრიზისების დროს ეროვნული აღმატებულობის შესახებ რწმენები იწყებს გამყარებას. შესაბამისად, მწიფდება ქსენოფობიური განწყობები სხვა ერების, განსაკუთრებით კი იმპერიალისტური ერების წინააღმდეგ.

სახელმწიფოს შექმნის მიზანი ხშირად იღებდა ანტიკოლონიურ და რევოლუციური ბრძოლის ფორმას, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზრდებოდა. ისეთი კრიზისული სიტუაციის დროს, როგორიც არის ომი, ნაციონალიზმი მჭიდროდ უკავშირდება მილიტარისტულ ინსტიტუციებს, რომლებიც კაცების მიერაა დომინირებული და მათ მასკულინურ დღის წესრიგს უდგენს. კაცები არიან რეალური აქტორები, რომლებმაც უნდა დაიცვან თავისუფლება, სამშობლო და ქალები. ქალებს კი სექსუალობის რეგულირების ინსტრუმენტებით ერის ბიოლოგური მწარმოებლის სიმბოლურ ადგილს ანიჭებს. ისინი ნაციონალიზმის განხორციელებას შვილების აღზრდის სიმბოლური როლით ახდენენ.

როდესაც ქალები მობილიზდებიან საკუთარი უფლებების დასაცავად და იწყებენ ფემინისტურ ბრძოლას, ეს პირდაპირ გაიგება ერის ღალატად. ქალების ბრძოლის ფოკუსი ამ შემთხვევაში ერის მტერიდან გადადის მასკულინურობაზე, რომელიც მჭიდროდაა დაკავშრებული ნაციონალიზმთან. შესაბამისად, იწყება მასკულინური კულტურის შემქმნელთა და მწარმოებელთა გაბრაზება და სექსიზმის გაღვივება.

ნაციონალისტურ იდეოლოგიაში ტრანსფობიის გაღვივება მჭიდროდაა დაკავშირებული ტრანსგენდერ ქალთა მასკულინური პრივილეგიების დათმობასთან. როდესაც ტრანსგენდერი ქალები უარს ამბობენ მასკულინურ როლზე, მათთვის არ არის ხელმისაწვდომი ქალების სიმბოლური - ბიოლოგიური მწარმოებლის როლი. შესაბამისად, ისინი ნაციონალისტური იდეოლოგიის პროექტის ფარგლებს გარეთ რჩებიან და პირდაპირ დარტყმას აყენებს ამ იდეოლოგიის დუალისტური როლების მოდელს.

ამ გადმოსახედიდან მარტივი გასაგებია, რომ ნაციონალისტ კაცებს და ნაციონალისტური იდეოლოგიის გამტარებელ ქალებს ისტერიული წინააღმდეგობა აქვთ მასკულინურობის მტერი ქალების, ჰომოსექსუალების, ტრანსგენდერების და მიგრანტების მიმართ.

No comments:

Post a Comment