Thursday, March 16, 2017

მე გეი ვარ

"მე გეი ვარ" - ეს ფრაზა პოლიტიკური განაცხადია. დიახ, პოლიტიკური, რადგან შენ პირველ პირში იწყებ საუბარს. შენ განაცხადებ შენი არსებობის შესახებ და იწყებ ბრძოლას იმ წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც გეების არსებობას გამორიცხავს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი თუ სოციალური დღის წესრიგიდან.

ამას სხვაგვარად ქამინგ აუთი ანუ იატაკქვეშეთიდან გამოსვლა ჰქვია. ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ ქამინგ აუთი ცხოვრების ერთი კონკრეტული მომენტია. ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ამ ფრაზის თქმა რომელიმე სატელევიზიო შოუში უნდა მოხდეს და ამის მერე ყველას ეცოდინება, რომ შენ გეი ხარ. მაგრამ, ეს ასე არ არის. ქამინგ აუთი მთელი ცხოვრების განმავლობაშიც გრძელდება. მე ამ პოსტშიც კი ვაკეთებ ამას, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე ასჯერ ან მეტჯერაც მექნება გაკეთებული სხვადასხვა სივრცეში და სხვადასხვა ადამიანებთან.


მოკლედ, მე ვარ კობა და გეი ვარ.

ჰო, დღეს უპრობლემოდ შემიძლია ამის თქმა და არ მეშინია იმის, რომ ამას ჩემი მეგობარი ნათესავი ან ოჯახის წევრი წაიკითხავს და სახეში მომაფურთხებს ან ჩემს შანტაჟს დაიწყებს. არ მეშინი იმის, რომ ამას ვინმე ჩემთვის უცნობი ადამიანი წაიკითხავს, ვინც მერე მეტროს ვაგონში მიცნობს და თავ-პირს დამილეწავს.

თუმცა, ჯერ კიდევ 5 წლის წინ რომელიმე ჩემს მეგობარს იგივე რომ დაეწერა, საშინელი რეაქცია მექნებოდა - დავბლოკავდი სოციალურ ქსელებში, გამარჯობას არ ვეტყოდი ქუჩაში რომ შემხვდებოდა და ალბათ სახეშიც შევაფურთხებდი.

ჰო, 5 წლის წინ სხვა ვიყავი. დღეს კი სულ სხვა ვარ. არა, იმას არ ვგულისხმობ რომ 5 წლის წინ გეი არ ვიყავი. ახლაც გეი ვარ, 5 წლის წინაც გეი ვიყავი და როცა დავიბადე მაშინაც! მაგრამ, ადრე ჰეტეროსექსულის არაკომფორტული ნიღაბი მქონდა მორგებული, მერე გავბრაზდი და მოვიშორე.


2012 წლის 17 მაისი იყო. მაშინ ტელევიზორს ვუყურებდი და კადრი "გაიჩითა", სადაც ვიღაცას პოსტერი ეჭირა ხელში და ეწერა „მე მიყვარს ჩემი გეი მეგობარი“. უცებ მეორე კადრი და ვიღაცის პოსტერი - „გეი ვარ“. თვალები მართლაც რომ შუბლზე ამივიდა. როგორ? განა ეს შეიძლება საქართველოში მოხდეს? ნუთუ არ ეშინიათ ტელევიზორში გამოჩენის? უამრავი კითხვა დატრიალდა ჩემს თავში. მერე მახსოვს როგორ სასტიკად გაუსწორდნენ მათ, როგორ შედგნენ წიხლებით და უყვიროდნენ - პიდარასტებოს. ემოცია, რაც ყელში მომაწვა და ტვინიდან გადმოასხა - ბრაზი იყო. დიახ, ბრაზი! რატომ ბრაზი? გავბრაზდი იმაზე რომ ისინი საქართველოში ამას აკეთებდნენ? არა! ჩემი გაბრაზება ხალხის მეორე მასამ გამოიწვია, რომლებიც იგინებოდნენ, ყვიროდნენ, გზას უკეტავდნენ აქციის მონაწილეებს. ჰო გავბრაზდი და წარმოვიდგინე რომ მეც იქ ვიყავი და ჯიუტად მინდოდა გავლა რუსთაველზე და ვიღაცები მე არ მატარებდნენ იმის გამო რომ ცისარტყელას დროშა მეჭირა და მეწერა - „მე გეი ვარ“. აი აქედან დაიწყო ჩემში ცვლილებები. 

რომ არ გავბრაზებულიყავი, დღესაც იმ ჰეტეროსექსუალის ნიღბით ვივლიდი. ბრაზის განცდა ის ნაყოფია,რომელიც ჰომოფობიის მუდმივ სამიზნედ ყოფნას მოაქვს. ოდესმე ყველა გეი გაბრაზდება. თუ არ გაბრაზდი, ხმასაც ვერ ამოიღებ და თავდახრილი მოითმენ პირში რომ გაგინებენ - ყველა გეის დედას შევეციო და ჰგონიათ რომ შენ კი არა, ვიღაც სხვა გეებს აგინებენ. ასე გაბრაზდნენ გეები სტოუნვოლში და გააძევეს მოძალადე პოლიცია. ასე გაბრაზდნენ სხვადასხვა ქვეყანაში და ასე უნდა გაბრაზდნენ ყველგან რომ გათავისუფლდნენ.


ჰო, გაბრაზებას მოყვება გათავისუფლება... გათავისუფლება შიშებისგან და ტყუილებისგან. აღარ გეშინია რომ შენზე ვინმემ არ გაიგოს, აღარ გიწევს მშობლების ან მეგობრების მოტყუება იმით, რომ შენ ვითომდა ჰეტეროსექსუალი ხარ. ჰო, რომ გაბრაზდები, აჯანყდები და დაუპირისპირდები ჩაგვრას. მაგრამ თუ შენ ჯერ კიდევ არ გაბრაზებულხარ და ახლა ამ წერილს კითხულობ, შეიძლება შემეწინააღმდეგო და მითხრა რომ რაღაცას ვიგონებ და არავინაც არ მჩაგრავს. შენ ჩაგვრა მხოლოდ გეების ცემა გგონია და თუ მაინც გეი ცემეს, იტყვი რომ ეგეც არაა ჩაგვრა, რადგან ის ალბათ ზედმეტად "მანერული" იყო და ამიტომ ცემესო. ამ შემთხვევაში შენც იგივენაირი ჰომოფობი ხარ, როგორც ის, ვინც ცემს. რატომ ხარ ჰომოფობი? იმიტომ, რომ შენ გეშიანია!

 ჰომოფობია იმის შიშია, რომ სხვა კაცები ნიღაბს ჩამოგხსნიან და ყველას ამცნობებენ, რომ შენ ნამდვილი მამაკაცი არ ხარ. შენ იმისიც გეშიანია, რომ სხვა კაცებმა შენში ეს შიში არ შეამჩნიონ. და გეშინია ამ შიშის აღიარება, რადგან ეს დამადასტურებელი იქნება იმისა, რომ ისეთი კაცური არ ხარ, როგორადაც თავი მოგაქვს.


ეს შიშები პარანოიაში გადაგდის და იწყებ "მამაკაცური" იმიჯის შენარჩუნებას. აკონტროლებ თუ რას იცვამ, როგორ დადიხარ, როგორ საუბრობ... იმასაც კი აკონტროლებ, თუ რას პოსტავ ფეისბუქზე. შენი პარანოია მოდუნების საშუალებას არ გაძლევს და მუდმივად გერთვება თავდაცვის ინსტიქტი - გეზიზღება "ძევკა პიდარასტები". როგორ ხვდები, რომ ვიღაც გეია? სტანდარტულად გეი რაღაცნაირად დადის, რაღაცნაირად იქცევა, რაღაცნაირად იცვამს და ლაპარაკობს, გამოხატავს ემოციებს და გრძნობებს. ჰოდა შენ გინდა, რომ მათ არ ჰგავდე. მეტიც, მეგობრად და პარტნიორადაც კი არ ისურვებდი ასეთს. ჰო, მასთან ერთად რომ ქუჩაში გაიარო, ყველა იტყვის, რომ შენც გეი ხარ. შენ გეშინია სხვა გეებისიც კი. გეებიც ხომ ამგვარ "რაღაცნაირ" გეებს დამაკნინებლად - "ძევკებად" მოიხსენიებენ და შენ არ გინდა რომ სხვა გეებმა ძევკა დაგიძახონ. თუმცა, თუ გაბრაზდები და გათავისუფლდები ამ შიშისგან, მიხვდები, რომ ჯობია დაგიძახონ ძევკა, რადგან იგი ყველაზე უფრო ხმაურიანი სახელია, რითაც შეიძლება გამოგარჩიონ ჰეტეროებისგან. დიახ, ასეთი ძევკა გეები ხომ უფრო ხმაურიანად არღვევენ იმ გაბატონებულ ჰომოფობიურ წესრიგს, სადაც შენ ცხოვრობ... მაგრამ არა, შენ გეშინია.

ამ პრანოიდულ შიშს დუმილამდე მიყავხარ და გჯერა, რომ მისაღებია გეების მიმართ ჩვენს კულტურაში არსებული დამოკიდებულებები და ქცევები. ამიტომ ვერ ხვდები რა არის ჩაგვრა. შეშინებული, დუმილით მოუსმენ გეებზე გინებას თანამშრომლების მხრიდან და ვერც კი მიხვდები, რომ შენ გამცირებენ. შენი შიშები, შენივე დუმილის მიზეზია. შენი დუმილი კი ჰომოფობიური წესრიგის არსებობას უწყობს ხელს და ვერც კი ხვდები, რომ შენ ამ დროს იჩაგრები. მეტიც, თუ ვინმემ გაბედა და ეს დუმილი ხმაურიანად დაარღვია, მას დაადანაშაულებ რადგან შენზე არ შეეპაროთ ეჭვი რომ გეი ხარ. ეს ხომ შენთვის სიკვდილის ტოლფასია.

შენი შიშები იქამდეც მიდის, რომ ვერ ხვდები ჰეტეროებს რომ პრივილეგიები გააჩნიათ. მათ შეუძლიათ აკეთონ ყველაფერი, რაც უნდათ. შენ კი მხოლოდ შენს საწოლში სექსს არ გიშლიან. სხვა ყველაფერში კი გზღუდავენ. ჰო, მათი აზრით ქუჩაში არ უნდა გამოხვიდე, არ უნდა იყვირო რომ გეი ხარ. ვითომ შენი ცხოვრება მხოლოდ საწოლში სექსით შემოიფარგლება.

თუ გაბრაზდები, მიხვდები, რომ შენი ჰომოსექსუალობა მხოლოდ ის არ არის თუ ვისთან და რა პოზაში გექნება სექსი. შენ სწავლობ, მუშაობ, დადიხარ გასართობად, დასასვენებლად, შედიხარ კომუნიკაციაში ადამიანებთან და შენი ჰომოსექსუალობა ყველგან დაგყვება.

კი, მე მინდა ვისაუბრო ჩემს ჰომოსექსუალობაზე ჩემს ჰეტერო მეგობრებთან, რადგან ისინი თავიანთ ჰეტეროსექსუალობაზე საუბრობენ ჩემთან. ჰო, საუბრობენ! მაცნობენ მათ შეყვარებულებს, მიყვებიან ამ შეყვარებულთან სექსზე, ურთიეთობაში წამოჭრილ პრობლემებზე, მათ შვილზე, ეჭვიანობაზე... ჰოდა მეც მინდა ვისაუბრო ჩემს შეყვარებულთან სექსზე, ჩვენს შორის წარმოქმნილ პრობლემებზე, ეჭვიანობაზე ან უბრალოდ იმაზე, თუ როგორ მიყვარს და მაბედნიერებს მასთან ყოფნა. ჰო, მე მინდა ეს მათ გავუზიარო!

მეტიც, მე მინდა ქუჩაში გამოვიდე და ხმამაღლა ვიყვირო, რომ გეი ვარ!

ჰეტეროები ხომ არ გამოდიან და არ ყვირიან, რომ ჰეტეროები არიან? - რათქმაუნდა გამოდიან და ამბობენ, მეტიც - ამტკიცებენ, რომ ჰეტეორები არიან ყველა ქმედებით.

მაგრამ, მე რატომ? რისთვის მჭირდება ეს?  - იმისთვის რომ ჰეტეროდ არ აღმიქვან. ჩვენ რომ ვიბადებით, სექსუალურ ორიენტაციას ისევე გვაწერენ, როგორც სახელს. ჰო, დაბადებიდანვე გზრდიან როგორც ჰეტეროს და უჩნდებათ შენს მიმართ მოლოდინები - რომ მოიყვან ცოლს, გეყოლება შვილები და ა.შ. ჰოდა არ მინდა ჰეტეროს იარლიყი მქონდეს მოკერებული! მინდა ყველამ იცოდეს რომ ჰეტერო კი არა გეი ვარ! მეტიც, მე მინდა შენც მოგაწვდინო ხმა, როდესაც ჩვენს საერთო მეგობრებთან ერთად ვატარებთ დროს და გაგრძნობინო, რომ მე აქ ვარ და შენ მარტო არ ხარ. ამიტომ, არ გავჩუმდები და არ ვიტყვი რომ ჩემს ბოიფრენდზე საუბარი ჩემი პირადი ცხოვრებაა. იქნებ ჩემი ხმაურით შენც მოგცე სტიმული და ჩემთან მაინც მოიხსნა ის ჰეტეროსექსუალის ნიღაბი, რასაც ჩვენს საერთო მეგობრებთან ატარებ. დამიჯერე, ასე ბევრჯერ გამიკეთებია და ხმაც მიმიწვდენია სხვა გეებისთვის. მერე ერთმანეთთან უფრო ახლო კომუნიკაციას ვამყარებდით და საერთო პრობლემებზე ნიღბის გარეშე ვსაუბრობდით ერთმანეთთან.

თუმცა, რა დასამალია და პირიქითაც ყოფილა: ბევრი მაქვს ფეიქ პროფილით მოწერილი შეტყობინებები, რომ მე "ზედმეტად" ვხმაურობ და ჩემი ხმაურის ბრალია, რომ გეებს პრობლემები ექმნებათ. თითქოს მე მოკავშირე კი არა, მტერი ვარ და ვაზიანებ სხვა გეებს. სინამდვილეში კი მე ვზარალდები. ჩემი ხმაურის გამო მე მაგინებენ. შენ კი კვლავ ჩუმად ხარ და ებრძვი შენს შიშებს. გეშინია ჩემი გაცნობა, ჩემთან ერთად ქუჩაში გავლა, ჩემთან ერთად შენს მეგობრებში გამოჩენა, რადგან შენც გეიდ აღგიქვამენ. და მერე კვლავ აგრძელებ წუწუნს იმაზე, რომ ამ სამყაროში ვერავინ გიგებს და მუდმივად ოცნებობ ამ ქვეყნიდან გაქცევაზე სადმე ევროპაში...

გაბრაზება ნიშნავს, რომ გადადიხარ პოლიტიკურ ბრძოლაში. აცნობირებ და უპირისპირდები პოლიტიკოსებს, რომლებიც სწორედ შენით იწერენ ქულებს. დიახ, შენით! შენ გარეშე ისინი სუსტები არიან. შენგან წარმოაჩენენ რაღაც ამაზრზენ არსებას, ქვეყნის მტერს და მერე საარჩევნო კამპანიას შენი მისამართით სიძულვილის ფრქვევაზე აგებენ. მათ მეტი სათქმელი არაფერი აქვთ. მათ არ შესწევთ უნარი რომ ადამიანებს რაიმე ღირებული შესთავაზონ. ამიტომ შენს სიძულვილს სთავაზობენ. შენით უნდათ პოლიტიკური თამაშები დაიწყონ. ერთმანეთი დაადანაშაულონ გეების მხარდაჭერაში (თითქოს ეს ამაზრზენი ქმედება იყოს). თუმცა შენი მხარდაჭერაც მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ (ვისაც სჭირდებათ), რომ პროვოკაციაზე წავიდნენ და მოწინააღმდეგე მხარე დაადანაშაულონ შენს ვერ დაცვაში. ეს თამაშია ძლაუფლების გადანაწილებისთვის, რომელშიც შენ შენგან დამოუკიდებლად აღმოჩნდები.

გაბრაზება პირდაპირი განაცხადია იმისა, რომ შენ იწყებ საკუთარი თავის ზიზღთან ბრძოლას. ჰო, ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან ჩვენი თავის ზიზღს. მახსოვს პატარა რომ ვიყავი გაზეთებს ვკითხულობდი, სადაც წერდნენ ვიღაც ცისფერების შეთქმულების შესახებ. ლესბოსელების გარყვნილი ისტორიების შესახებ... და ამით მაზიზღებდნენ ჩემს თავს. სანამ ამ სტატიებს წავიკითხავდი, თავი ერთადერთი მეგონა ამ სამყაროში, ვისაც გოგოები არ მოსწონდა და ბიჭები მოსწონდა. მეშინოდა რომ რაღაც ავადმყოფობა მჭირდა და ვფიქრობდი თავი მომეკლა. მერე ეკლესიაში დავიწყე სიარული და მახსოვს კვირაობით მამაოს ქადაგებები ჰომოსექსუალობასაც რომ შეეხო და ცოდვააო თქვა. ჰოდა მივხვდი, რომ რაღაც მაგდაგვარი არსებობდა სამყაროში, მაგრამ ეს ცოდვა იყო ანუ მე ცოდვილი ვიყავი და უნდა მომენანიებია. გადაწყვეტილი მქონდა, რომ აღსარება ჩამებარებინა და მეთქვა ჩემი "ცოდვის" შესახებ. მაგრამ მეშინოდა და არ გავაკეთე ეს. და ბედნიერი ვარ, რომ მეშინოდა ამ "აღსარების". ვინ იცის,ახლა ალბათ ტვინგამორეცხილი ვიჯდებოდი სადმე და ჩემი ჰომოსექსუალური სურვილების ჩახშობით დაკავებული სხვა გეებზე გადმოვანთხევდი ჩემს ბოღმას. ან იქნებ ტაბურეტკაც ამეღო ხელში და გავდევნებოდი გეებით სავსე ყვითელ ავტობუსებს...

ეს ადრეულ ბავშვობაში იყო. თუმცა მერეც, როცა ვიზრდებოდი, ირგვლივ სულ ჰეტერო წყვილებს ვხედავდი. არსად ჩანდნენ გეები და ლესბოსლები და თავს მაინც მარტოსულად ვგრძნობდი. მეშინოდა სკოლაში ვინმეს არ გაეგო რომ გეი ვარ და ამიტომ ათას სისულელეს ვიგონებდი. ვიღაც უფროსკლასელი გოგო ამოვიჩემე და მას ვუხატავდი გულებს და წერილებს ვუწერდი დემონსტრაციულად და ყველას დასანახად, რომ ჩემზე ეჭვი არ შეპარვოდათ. მსგავსი ისტორიები უამრავი მაქვს. მაგრამ მაინც გავბრაზდი და ამ ბრაზის მერე დავიწყე საკუთარი თავის სიყვარული.

დღეს ჩემი თავი ისეთი მიყვარს, როგორიც ვარ. მეტიც, მე ვამაყობ ჩემი თავით! მე ვამაყობ ჩემი ჰომოსექსუალობით! დიახ, ვამაყობ, რომ გეი ვარ!

რატომ? რა მაქვს საამაყო?

ბევრი რამ - ჰომოსექუალობა ჩემთვის ერთგვარი უპირატესობაა! ჰო, ჩემმა ჰომოსექსუალობამ მომცა სიყვარულის უფრო დიდი უნარი, ვიდრე ჰეტეროებს. მე ხომ უნდა დამემალა ვინ მიყვარდა და გულში შემენახა. ჰოდა ამან უფრო ძლიერი სიყვარული მასწავლა და ამით ვამაყობ!

ჩემმა ჰომოსექსუალობამ მომცა ადამიანთა გაგების უნარი. მე შემიძლია მესმოდეს ბოშა ბავშვების, აივ პოზიტიური ადამიანების, მარტოხელა დედების და სხვა ყველა ჩაგრული ადამიანების, რადგან მე მათთან ჩაგვრა მაერთიანებს. ისინი სხვანაირად იჩაგრებიან, მაგრამ მე მესმის მათი, მე მაქვს ძლიერი ემპათიის უნარი და ეს სწორედ ჩემი ჰომოსექსუალობის დამსახურებაა.


შენიშვნა: ამ პოსტის დაწერის შემდეგ მივიღე რამდენიმე წერილი. ძირითადად მაკრიტიკებდნენ სექსუალური ორიენტაციით სიამაყის შესახებ. ადამიანებისთვის გაუგებარი იყო თუ რატომ ვიღებ სიამაყის ცენტრად სექსუალურ ორიენტაციას. ამიტომ დავწერე მეორე პოსტი ამ კრიტიკაზე პასუხის გასაცემად, რაც შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე:  http://stereotipi.blogspot.com/2017/03/blog-post_3.html


6 comments:

  1. Didi madloba koba am postistvis!!!

    ReplyDelete
  2. ზუსტად ესეთი ხაზგასმა არის რომ აღიზიანებს ხალხს მერე. ამაყობთ რითი? ვერ ვხვდები. მე არ ვამაყობ ჩემი სექსუალური ორიენტაციით, სულ ერთია, ჩემიც და შენიც. საამაყოს ვერაფერს ვხედავ, არც სასირცხვილოს. ეს არის ფაქტი და ეს ფაქტი არ უნდა ახდენდეს გავლენას ადამიანის შეფასებისას. სამწუხაროა, რომ ის ხალხი ვინც სტერეოტიპები შეუძლიათ დაანგრიონ, ისევ სტერეოტიპებს ამკვიდრებენ, ოღონდ საპირისპიროს. ვერ ვხვდები ჩემზე მეტი სიყვარული რატომ შეგიძლია, ან ვინ გაზომა ჩემი ან თქვენი სიყვარული? ჩემი გაგების უნარი როდის განსაზვრეთ? ისევ ჩარჩოები, ისევ სტერეოტიპები, ისევ რაღაცეების მტკიცება. მგონია, რომ პირველ რიგში, თუ ცვლილება გსურთ ამ სტერეოტიპული აზროვნების (რაშიც ნამდვილად დაგეთანხმები, რომ არსებობს და პრობლემაა) დაიწყეთ იმის ჩვენებით, რომ ყველანი თანასწორი ვართ, ჰეტეროც, ბიც და გეი და კიდე რაც რამ ორიენტაცია არსებობს :)) და არა იმით რომ ვინმეზე უკეთესი ბრძანდებით :). მთელი პოსტი წუწუნის პათოსით და სევდანარევი აგრესიით არის გაჟღენთილი. უკეთესი ნამდვილად ვერ იქნებით, ვერც თქვენ, ვერც მე. ჩვენ უბრალოდ თანასწორები ვართ.

    ReplyDelete
  3. ჰომოფობი არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ვინც კი ოდესმე შემხვედრია სხვა ორიენტაციის ეგრევე მესმის "მე გეი ვარ და ვამაყობ".რითი ამაყობენ,თვითონაც არ იციან.გეი ხარ?იყავი,მეარ მძულხარ იმიტომ რომ შენ სხვა მოგწონს,მე არ მძულხარ იმიტომ რომ სიყვარული შეგიძლია და არ გავწყვეტ ურთიერთობას იმის გამო რომ შენ ჰომოსექსუალი ხარ,მაგრამ რა საჭიროა ასეთი აშკარა გამომჟღავნება შენი "განსხვავებულობის" ვერ ვიგებ.

    ReplyDelete
  4. რომ მკითხონ როგორია ჩემთვის იდეალური სამყარო, ვიტყოდი, რომ ეს არის სამყარო , სადაც ადამიანები ერთმანეთს არ ანაწილებენ სტატუსებად , ჯგუფებად .. და ერთადერთი უმცირესობა, ვის წინააღმდეგაც უნდა გვებრძოლა - ეს მოძალადეები და მკვლელები იქნებოდნენ. სამწუხაროა და უფრო მეტიც ის სიმართლე, რომ ადამიანებს თუკი რამე გვაკავშირებს ერთმანეთთან , მხოლოდ შიშია .საკუთარი თავის არცოდნის შიში და მერე ყველა დანარჩენში ამ შიშების ანარეკლი . არ არსებობს სამწუხაროდ სიყვარული .. ჩვენ ყველა ადამიანოფობიით ვართ შეპყრობილები

    ReplyDelete
  5. https://stereotipi.blogspot.com/2017/03/blog-post_3.html

    ReplyDelete