Saturday, October 28, 2017

დედებო, მოკალით გეი შვილები

კლუბში ვიყავით. ვცეკვავდით და მერე როგორც იმ სიმღერაშია he kissed me on the dance floor... მერე იმ სიმღერის ტექსტს მიყვა და მითხრა - I'm yours. ვიცინოდით, ისევ ვცეკვავდით... ჩვენს ირგვლივ ყველა ცეკვავდა... გამარჯვების ცეკვა იყო... ისევ იმ სიმღერის ტექსტიდან მითხრა - Why can't you hold me in the street? გამეღიმა და ისევ იმ სიმღერიდან ვუთხარი - We can! გაიღიმა. რა მაგარი ფრაზაა - We can! ქუჩაში გამოვვარდით და შეშლილებივით ვყვიროდით - We can!

თენდებოდა. დილით ადრე უნდა გავიდე მეთქი, ტრენინგზე მეჩქარებათქო. დაიკიდეო, წამოდი ჩემთან, დედას არ სძინავს, ადრე დგება და ჩაის მოამზადებსო... ჩაიმ დამკერა, მაგრამ უფრო დედამისით დამკერა. მეტრომდე ფეხით ჩავედით. გავჩერდით... მოტრიალდა და თვალებში შემომხედა... უცნაური გრძნობა იყო. გაოცებული ვუყურებდი, მაგრამ მომწონდა მისი თვალები. მაკოცა... ტანში ყველაფერმა დაიარა, თუმცა ქართული გამოცდილება ჩაირთო და ირგვლივ დასტრესილმა მიმოვიხედე ვინმე ხომ არ გვხედავსთქო. ვიღაცის მომღიმარი სახე შევამჩნიე, მეუცნაურა და მეუხერხულა. მაგრამ დავმშვიდდი და მივხვდი რომ სხვაგან ვიყავი და კარგად ვიყავი. მოგვიახლოვდა და გვითხრა - This is a city of love! ესეც მეუცნაურა მაგრამ მაინც ორივემ გავუღიმეთ. დავუყევით ესკალატორს ხელჩაკიდებულები, ჩავიკარგეთ ამ სიყვარულის ქალაქის საშინლად გადახლართულ მეტროს ხაზებში და ასე ხელჩაკიდებულები მივადექით კარებს, რომელიც შვედური გარეგნობის ქალმა გააღო... დილით გამოუძინებელს და შემცივნებულს, ამ ქალის ცხელმა ბრიტანულმა ჩაიმ გამითბო ძვლები. გვიყურებდა ეს ქალი, მერე მივიდა შვილთან, შუბლზე აკოცა, მე გამიღიმა, დაგვემშვიდობა და სამსახურში წავიდა. მერე წამოვედი სასტუმროში და გზაში ვფიქრობდი რატომ არ მოკლა ამ ქალმა მისი შვილი?

თვითმფრინავი დაეშვა... გამოვიარე პასპორტის კონტროლი და ისევ შემოვედი სათამაშო სისტემის დიდ მოედანზე.

მკვდარი ვიყავი... ქუჩაში მივდიოდი... სხეულიდან გამოვიდა სული...  ქუჩაში ხალხი ირეოდა... ყველა სადღაც გარბოდა... ვყვიროდი ბოლო ხმაზე, მაგრამ არავის ესმოდა... ვერ ვგრძნობდი... ან როგორ ვიგრძნობდი? სხეულში არ იყო სული... მომკლეს... ვყვიროდი, მაგრამ ჩემი ყვირილი ჩუმი იყო... სიჩუმე უდრის სიკვდილს... რაც არ უნდა მეყვირა უკვე მკვდარი ვიყავი და აზრი არ ჰქონდა... ჩემი ყვირილი ჩუმი იყო...

დედამ მომკლა... ჰო, აი აიღო ხელი და მომკლა.... მოკლა შვილი... მანამდე მე დავარღვიე თამაშის წესი...  მოვუკალი რაღაც იმედები... და მერე დედამ მომკლა...

ხომ კარგია როცა ადამიანს კლავ? ამაზე დიდი სიამოვნება განა რა არის, როცა მისი სხეულიდან სულს გამოაძრობ? სასიამოვნო შეგრძნებაა... კომპიუტერული თამაშია... სათამაშო მოედანზე ხარ, დედა დაგზდევს და გკლავს...  რამდენიმე სიცოცხლე გაქვს... ერთს გამოიყენებ, მეორეს და ბოლოს სამუდამოდ მოკვდები... Game Over... ქულებიც შეგიძლია დააგროვო და სიცოცხლე გაიხანგრძლივო... კარგად გაწაფული თუ ხარ, დედას გაანეიტრალებ, თამაშს დახურავ და საბოლოოდ რჩები გამარჯვებული. Congratulations! ... თუ არ ხარ გაწაფული დედა მოგკლავს და შენთვის ისევ ჩაირთვება - Game Over, დედასთვის - Congratulations! და სხვა დედების და შვილების თამაში იწყება...

მანამდე სხვებს გამოაძვრეს სულები სხეულებიდან... აი უბრალოდ არ მოეწონათ მათი შვილები და მოკლეს... თამაშის წესია ასეთი... ვიბრძოლეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით... და მოგვკლეს...  დედებმა მოგვკლეს შვილები... მაგრამ არც დედებს გაუმარჯვებიათ... გაიმარჯვა კომპიუტერული თამაშის შემქმნელმა მამებმა... უცნაური თამაშია, მაგრამ ამ სისტემას მარტივი წესი აქვს - უნდა მოკლა. თუ ყველას კლავ, მოგებული ხარ და გიაქტიურდება დედა კაპიტნის სტატუსი. თუ კაპიტანი ხარ, იმის პრივილეგიაც გაქვს, რომ ახალი თამაში დაიწყო და ამჯერად სხვა დედებს მოაკვლევინო შვილები...

თამაში მკაცრია, თავისი წესები აქვს და არ უნდა დაარღვიო... თუმცა ერთი დიდი უპირატესობა აქვს... მოკვლისას არჩევანის შესაძლებლობები დიდია და ფუნქციებიდან აირჩევ რაც გინდა: შეგიძლია მოკლა დანით, სამართებლით, თოფით და ენითაც კი. სეთინგებში თვითონ გიგდებს ამ არჩევანს, უბრალოდ დააინსტალირებ და პროგრამა ავტომატურად უშვებს მოკვლის მეთოდს. შენ არც კი გიწევს ფიქრი ამაზე... არც კი გიწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოკალი შვილი! ყველაფერი ძალიან მარტივია.

ერთი დედა წავიდა შვილის მოსაკლავად, მაგრამ ამ შვილმა წესები დაარღვია და მოედნიდან გაქცევა სცადა ... გაბრაზდა დედა... გამოვარდა მამა მსაჯი, შვილი დააჯარიმა და პენალტი დანიშნა... გამოვარდა დედა მოედანზე, დაეტაკა ბურთს და მეკარედ დაყენებულ შვილს გოლი გაუტანა... აყვირდნენ გულშემატკივრები, გაამხნევეს შეძახილებით... თამაში დამთავრდა, შვილს Game over დაეწერა ტაბლოზე, დედას - Congratulations. დედამ გაააქტიურა მოკვლის ფუნქცია, მივიდა და მოკლა შვილი... მწვრთნელმა ეს დედა დააწინაურა და თამაშის კაპიტანი გახდა... მერე ამ დედამ ახალი თამაში დაიწყო და სხვა დედებს მოაკვლევინა შვილები...

მივედი... ჩაირთო თვალის მომჭრელი შუქები, მომანიჭეს თამაშის იუზერის სახელი - "სტუმარი ნომერი 5", განათდა კამერები, გამოვარდა სხვა შვილის დედა ... დაიყვირეს - ერთი, ორი, სამი და ეთერში ვართ! სწრაფად მიაყარა რაც უნდა ეთქვა: დადგა დრამა, შექმნა სკანდალი და დაიყვირა - სტუმარი სტუდიაში! მიაყარა კითხვები, მიაყარა შეფასებები, ჩამოყარა თამაშისთვის სპეციალურად შექმნილი მოწონების წესები და .....

და მანაც მოკლა შვილი... შვილმა უყურა როგორ მოკლა დედამ... Game Over და მისი სულიც გამოვიდა სხეულიდან... წავიდა ეს სულგამოცლილი სხეულიც, იყვირა ქუჩაში და ვერც მისი ყვირილი გაიგეს... მისი ყვირილიც ჩუმი იყო... დედა კი გახდა კაპიტანი დედა...

უყურა ამ თამაშს ერთმა დედამ, გადავიდა მოედანზე სათამაშოდ და მანაც მოკლა თავისი შვილი... იმის სხეულიდანაც გამოვიდა სული და მისი ყვირილიც ჩუმი იყო...

შვილები ჩაისახებიან დედების მუცლებში... მერე ეს დედები წყვეტენ როგორები მოეწონებათ შვილები... მერე ამ შვილებს უგებენ წესებს... თუ ეს შვილები წესებს არღვევენ, ამ თამაშში მსხვერპლების როლი ერგებათ... მერე ეს დედები დაზდევენ ამ შვილებს... მერე ეს დედები კლავენ ამ შვილებს... მერე ეს დედები თუ იმარჯვებენ, მამა მწვრთნელები კაპიტნებად აყენებენ და ეს ახალი კაპიტანი დედები სხვა დედებს ათამაშებენ... სხვა დედებს აკვლევინებენ შვილებს... ყველა დედა ვერ იგებს, ზოგჯერ შვილებიც იგებენ და დედებისთვის ისევ Game over სანამ შვილებს არ მოკლავენ ახალ რაუნდში... ისევ მეორე ცდა და მეორე რაუნდი იწყება... ზოგჯერ ეს დედები გულშემატკივრების ტრიბუნებზე სხდებიან და ამხნევებენ სხვა მკვლელ დედებს... მაგრამ ეს დედები მაინც ვერ ხვდებიან რომ არ არიან გამარჯვებულები... იმარჯვებს სხვა...

დედები მაინც არ ჩერდებიან... დედებს არ მოსწონთ შვილები... დედები კლავენ მსხვერპლ შვილებს... თამაში შედგება, მაყურებელი ყიჟინას დასცემს ტრიბუნიდან... და იქმნება დიდი სანახაობა...


1 comment: