Sunday, May 20, 2018

17 მაისი - ქვიარ ეპისტოლე


დღიურების წერა 2012 წლის სექტემბერში დავიწყე. პირველი ჩანაწერი 10 სექტემბრის 04:36 საათით თარიღდება და იწყება სიტყვებით - "მიზნად დავისახე გავცე კითხვას პასუხი - ვინ ვარ "მე"?". თავდაპირველ ჩანაწერებში საკუთარ თავს სტუმულს ვაძლევდი და ვაიძულებდი, რომ არასდროს შემეწყვიტა ბრძოლა ჩემი მიზნის მისაღწევად. მას მერე დიდი დრო გავიდა.

ახლა, როცა ამ სიტყვებს ვწერ, 2018 წლის 17 მაისია, 04:25 საათი და PAG-ის ყველაზე სევდიან სიმღერას - The Lady is Dead ვუსმენ. ეს საყვარელი ბიჭი ყურებში ჩამძახის - I am lost in our rainbow. ამ სიტყვებს რამდენიმე თვის წინ იქაც ჩამძახოდა, ჩემს ქალაქში, გეებით სავსე კლუბში. ერთი საყვარელი, ქერათმიანი ბიჭი თვალებში მიყურებდა და მიღიმოდა. მერე ჩემთან მოვიდა და ღიმილით მკითხა -What's your name? მეც გავუღიმე და ვუთხარი - I am a Black Rainbow. ორივე ვიცინოდით და ჩვენს მეტს ირგვლივ ვერავის ვამჩნევდით. მერე სეირნობა გადავწყვიტეთ და გარეთ გამოვედით. ჩემკენ მოტრიალდა და მხიარული სახით მკითხა - გინდა ჩემნაირ ცუდ ადამიანთან ურთიერთობა? მეც გავუღიმე და ვუთხარი - ცუდი ადამიანები არ არსებობენ. კვლავ გაეღიმა და კითხვა გამიმეორა - ამის მიუხედავად, გინდა ჩემთან ურთიერთობა? დავნებდი და ვუპასუხე - მჭირდები.

ეს "ცუდი" ბიჭი საკუთარ სიცუდეს დიაგნოზს აბრალებდა, რომელიც ერთი წლის წინ ექიმებმა დაუსვეს - ბიპოლარული აშლილობა. ხან ყველაფრით ბედნიერი იყო, ხან მთელს სამყაროზე ბრაზდებდა. მერე იმ ეკლესიის ეზოში ვხვდებოდით ერთმანეთს რომლისიც არ გვჯეროდა, მაგრამ ეს ჩვენი შეხვედრის ადგილი იყო და ბარებში მივდიოდით იმაზე სალაპარაკოდ, რომ მისი ბრაზი მისი დიაგნოზის კი არა სისტემის ბრალია...

2012 წლის 3 იანვარი, 00:53 საათი. ამ დღის ჩანაწერში ძალიან მუქი შავი წარწერა იკითხება - "მინდა საკუთარ თავს და ადამიანებს შთავაგონო". მერე აშკარად რაღაცები გამოვტოვე და ერთ უთარიღო ჩანაწერს წავაწყდი:

"ნიღაბს ვატარებ და ადამიანებს ვატყუებ. მე ვმალავ... ვმალავ იმას, რაც დასამალი სულაც არ არის. თუმცა იძულებული ვარ დავმალო. თავად მიჩნდება პროტესტი საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ისევ იძულებული ვარ ეს პროტესტიც დავმალო. პირში მაგინებენ, შეურაცხყოფას მაყენებენ, მაგრამ იძულებული ვარ მოვითმინო... მე მეშინია. მეშინია გარიყვის და ამიტომ გატყუებთ..."

სიმბოლურად უთარიღოა, რადგან მაშინ ვგრძნობდი, რომ ეს სიტყვები ცხოვრების ბოლომდე გაყვებოდა ჩემს გრძნობებს. თუმცა, მას მერე დიდი დრო გავიდა. მიზანსაც მივაღწიე, კითხვასაც პასუხი გავეცი და სხვებმაც გაიგეს, რომ - I am a Black Rainbow.

ამ დღიურის ბოლო და ყველაზე სევდიანი ჩანაწერი 2013 წლის 17 მაისის 02:16 საათით თარიღდება:

"ტელეფონზე მეგობრის შეტყობინება შემოდის - "არ მინდა რამე დაგემართოს...". მანამდე კი იყო ჩემი ერთი მეგობრის წერილიც - "კობა ძალიან მიყვარხარ". მერე ერთი მეგობარი მესაუბრა ტელეფონზე და გამამხნევა. მეუბნება, რომ არავის აზრს ყური არ ვუგდო და უნდა ვაკეთო ის, რაც მინდა. დედას ვუთხარი, რომ აქციაზე მივდივარ და ინერვიულა. მითხრა არ წახვიდეო, მაგრამ მაინც გამამხნევა, ნუ გეშინიაო. თითქოს მშვიდად ვარ. აივანზე ვზივარ, სიგარეტს ვეწევი და ყავას ვსვამ. ცივი ქარი ქრის, მაგრამ სიცივეს ვერ ვგრძნობ და ერთი აზრი მიტრიალებს თავში: "მე მინდა სიცოცხლე". ვიღაც პოსტავდა, რომ გაიგონა თუ როგორ ემზადებოდნენ  სპორტსმენები ხვალისთვის, რომ ჩვენ გავესისხლიანებინეთ. ვზივარ და ვფიქრობ რა იქნება ხვალ. მაგრამ ჯერ ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ მინდა მშვიდად ვიყო და ვიცოცხლო. დედამ არ იცის, რომ გეი ვარ და იქ სხვისი კი არა ჩემი უფლებების დასაცავად მივდივარ. ეს მაშფოთებს. უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ გავბედე. ჩემი ოჯახი მენატრება, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთმა არ იცის, რომ მე გეი ვარ. მაფრთხილებენ არ წავიდე ხვალ, მაგრამ მე ყელში ამომივიდა ჩემი ღირსებების და უფლებების შელახვა. აქამდე სხვა ადამიანებს ვექომაგებოდი და მათი უფლებების დასაცავად გამოვდიოდი. ჰოდა ახლა პირველად ვიგრძენი სიამაყე საკუთარი თავით და მივხვდი, რომ ჩუმად არ უნდა ვიყო. მახსოვს ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ - მე შენით ვამაყობ. ჰოდა დროა ჩემი თავით მე თვითონ ვიამაყო. ვიცი, არაფერია გამორიცხული და შესაძლოა ახლა ბოლოჯერ ვწერ ამას, ბოლოჯერ ვდგავარ ამ აივანზე და ბოლოჯერ ვსვამ ყავას, მაგრამ ეს ჩემთვის არაა მთავარი. მე თუ არა, სხვები მაინც გაიხარებენ. მაგრამ, მე მაინც არ მოვკვდები, რადგან სიცოცხლე ყველაზე მეტად მიყვარს და ყველაზე მეტად მინდა..."

დღიურები მას შემდეგ აღარ მიწერია, რადგან იმ დღეს გათენდა და ჩემი ქვეყანა გადატრიალდა. მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც სხვა მოხდა, რისი შედეგიც მაშინ არ ვიცოდი რა იქნებოდა. მივხვდი, რომ მოქმედება იყო საჭირო და არა წერა. გასაცოდავებული და შეშინებული მივედი სახლში, დღიური დავაზიანე და უზრდელურად ჩავაფურთხე ჩემს სულს. საშინლად მეტკინა, მაგრამ ყველა მე მაფურთხებდა და ვიფიქრე იქნებ საკუთარმა ჩაფურთხებამ მაინც დამაფიქროსთქო.

ჩავაფურთხე ჩემში ჩაგონებულ სირცხვილს. საკმარისი იყო ის ტერორი, რაშიც ვცხოვრობდი, მოქმედება იყო აუცილებელი. საღამოს მეგობარმა დამირეკა და მადანაშაულებდა იმის გამო, რომ საერთოდ გავედით ქუჩაში და პროვოკაცია მოავწყვეთ. გავბრაზდი და მასაც ჩავაფურთხე სულში. მას მერე ხშირად მიწევს ასეთი სევდიანი ბრძოლები. ეს ბრძოლები თანდათან უფრო მძაფრდება და ფართოვდება.

ბოლო სევდიანი ბრძოლა 12 მაისი იყო, იმ დიდი ბრძოლის 5 წლის თავამდე 5 დღით ადრე. 12 მაისს ჩვენი პირადი ცხოვრება პოლიტიკური გახდა. ჩვენს პირად სივრცეებში შემოიჭრენ და ჩვენც ჩვენი პირადი პოლიტიკური გავხადეთ, საჯარო სივრცეში გავიტანეთ და დავიწყეთ პოლიტიკური ცეკვა მოძალადე სისტემის წინააღმდეგ. ახლა 17 მაისის დილაა. ეს სრულიად ახალი რეალობაა. თვალები ცრემლებით მევსება და გული არანორმალურად სცემს. პირველად ვთქვით უარი ჩვენი ქვიარ სხეულების საზარბაზნე ხორცად გამოყენებაზე. შედეგი არ ვიცი რა იქნება. თუმცა ერთი რამ ნამდვილად ვიცი - ქვიარების მენტალური რევოლუცია გვჭირდება. ვბრაზდები საკუთარ თავზე, ვბრაზდები ქვიარებზე, ვბრაზდები სისტემაზე ისე, როგორც ის ჩემი საყვარელი ქერათმიანი ბიჭი ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზით ბრაზდებოდა. ნუთუ არ შეიძლება ყველა ქვიარის პირადი ცხოვრება პოლიტიკური გახდეს?

სარკის წინ ვდგავარ გულმოკლული, ცრემლებით გავსებული თვალებით, წყალს ვისხამ სახეზე და ვხედავ შეშინებულ და დამცირებულ სხეულს, რომელიც მიყურებს და ჩემთან ერთად ტირის. მინდა სარკე ჩავლეწო და სახეში გავარტყა ამ არარაობას. რისი გეშინია საცოდავო? ქუჩაში რომ ჩაგაკლავენ ამის გეშინია? ნუთუ  შენში ჩასახლებული იმ უცხო სულის არ გეშინია, რომელიც სხვებმა შეგიქმნეს და რომელსაც არაფერი აქვს საერთო შენს ნამდვილ, ქვიარ სულთან?! მე აქ ვარ! აქ ვდგავარ შენს გვერდით! რა გემართება? რა გჭირს? კარგად შემომხედე! შეგიძლია დამაკვირდე. შენს გვერდით ვარ! გაუსწორე თვალი ამ რეალობას! შეხედე შენს გასაცოდავებულ სახეს! შეხედე შენს დამახინჯებულ სულს და აღმოაჩინე შენი სიძლიერე! გამოუშვი შენი სხეულიდან ეს სული! იყვირე! ნუ გეშინია! მორჩი ამ ტერორში ცხოვრებას! ჩვენ ხომ ვთანხმდებით, რომ არ გვინდა ამ ბინძურ სისტემაში ცხოვრება? მაგრამ, ამაზე ხმა მე და შენ უნდა ამოვიღოთ! ვის ელოდები? სხვებს? სხვა ვერასდროს იყვირებს შენზე უკეთ! ვერასდროს იტყვის შენს სათქმელს! ვერასდროს!

შენ კი რას აკეთებ? ბნელ ჯურღმულებში კარგავ შენს სულს და არ იმჩნევ შენს ჩაგვრას. თითქოს ეს შენ არ გეხებოდეს და მერე შენს ბნელ საძინებელში ჩაიკლავ თვალზე მომდგარ ცრემლებს. შენ გეშინია და ჩუმად, გოდებით მოთქვამ: არა, ამას მე ვერ ვიზამ, დედას ამას ვერ გავუკეთებ... სხვები? სხვებს საკუთარი დედები ეზიზღებათ, ვინც ეს გააკეთა? მიხვდი, რომ ეს ნორმალური მდგომარეობა არ არის!

დაინახე როგორი გასაცოდავებული ცხოვრება გაქვს! ღამით გამოდიხარ, სადღაც ბნელ, შავ კედლებს აფარებ თავს, მუსიკას აყოლებ შენი დამახინჯებული სულიდან მოწოლილ ემოციებს, რომლებიც შენს დატანჯულ სხეულში ჰპოვებს გამოვლენას და ბედნიერი ხარ იმით, რომ ვიღაცას ასე მალულად ეჟიმავე ტუალეტში. ვერც კი ხვდები, რომ აფსურდში ცხოვრობ და რომ გამოფხიზლდები ისევ იმ გასაცოდავებულ ცხოვრებას დაუბრუნდები, რომელიც ამ ბნელი კედლების გარეთ გელოდება. ტერორში ხარ! გაიგე ეს! აღიქვი რეალობა! ნუ გაექცევი! გაუსწორე თვალი ამას და ნუ ეგუები!

შენს ბედნიერებას წირავ იმ ადამიანების თავხედურ მოთხოვნებს, რომლებსაც ოჯახის წევრებს და მეგობრებს ეძახი, რომლებიც გაიძულებენ იყო ის, რაც საერთოდ არ ხარ და ასე სახეზე ნიღაბ მიფარებული აგრძელებ ვითომდა ბედნიერის როლის თამაშს. სინამდვილეში კი ერთი დიდი არარაობა ხარ, რომელსაც ეშინია... ეშინია იმის, რომ ბედნიერი და თავისუფალი იყოს... რომელსაც თავისუფლება სიგიჟემდე უნდა მაგრამ სიგიჟემდე ეშინია გათავისუფლების, ლაჩარივით იქცევა და შიშში აგრძელებს იმ ცხოვრებას, რომელიც შენ არ გეკუთვნის.

წარმოიდგინე, ერთ დღესაც როგორ შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება!? მაგრამ არა, შენ გეშინია და ელოდები ვიღაც სხვა როდის გააკეთებს იმას, რაც შენი გასაკეთებელია.

კარგის ტრ... იტყ..., ბოლომდე იხევი და გამწარებული ცდილობ შენში არარსებული ჰეტეროსექსუალობის დემონსტრირებას. ხვდები რა საცოდავი ხარ? გგონია რომ ასე კარგი ტიპი იჩითები? არა! საერთოდ არ არის ასე! ამით სინამდვილეში თავს უხრი იმ მოძალადე სისტემას, რომელშიც შენვე იკარგები.

რატომ არ გყოფნის გამბედაობა? ნუთუ ასეთი ლაჩარი ხარ?

თუ ასეთი გასაცოდავებული ცხოვრება შენთვის უფრო მეტი კომფორტია ვიდრე თავისუფლება, მიდი დაკავდი სექსით ბნელ ჯურღმულებში. დაიმალე, კარგად დაიმალე სიჩუმეში, ჩადუმდი როცა შენ გეხებიან და ასე "კომფორტულად" გააგრძელე ამ მარაზმში ცხოვრება. დამერწმუნე, ერთ დღესაც გაჭედავ და მოგინდება თავის მოკვლა და კი, ნამდვილად უნდა მოიკლა თავი, რადგან სრული არარაობა ხარ! უნდა მოკლა ის არარაობა, რომელიც შენში ცხოვრობს და ახალი, თავისუფალი ცხოვრებით დაიწყო ყველაფერი თავიდან.


No comments:

Post a Comment