Georgian flag in Antwerp Gay pride |
მადამ პრეზიდენტო, გილოცავთ ახალ წელს და ქვეყნის მთავარსარდლის ტიტულს!
როგორც ფემინისტს, მეამაყება, რომ ვესალმები ჩემი ქვეყნის ქალ პრეზიდენტს და გამიზნულად გამოვკვეთ თქვენს გენდერულ იდენტობას. გამოვკვეთ, რადგან შეძელით და პატრიარქალურ სისტემაში გახდით ქვეყნის ქალი მთავარსარდალი.
თუმცა, რამდენადაც მეამაყება, იმდენადვე გულნატკენი ვარ. ვაი, რომ სწორედ ამ პატრიარქალურმა სისტემამ ჩაკლა თქვენში მებრძოლი ქალი ჩემო მადამ პრეზიდენტო. ბოლო პერიოდში აქტიურად ვიბრძოდით ფემინისტები ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გასაზრდელად. თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც უნდა ყოფილიყო. თუმცა, ჩვენ - ფემინისტები დავმარცხდით. ბაზარმა ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქალი გააპრეზიდენტა. თუმცა ამ ქალს ბაზრის მშენებელმა კაცებმა სახე წაართვეს და დღეს მოგვცეს შინაარსისგან დაცლილი მხოლოდ ორი მშრალი სიტყვა - "ქალი პრეზიდენტი". არადა რა დიდი მნიშვნელობის მოვლენა უნდა ყოფილიყო თქვენი გაპრეზიდენტება ჩემო მადამ პრეზიდენტო. გისურვებთ თქვენი იდენტობა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენოთ.